ახალი ამბები

სტუდია მონიტორი მერიის წინააღმდეგ

27 ოქტომბერი, 2010 • • 1081
სტუდია მონიტორი  მერიის წინააღმდეგ

სტუდია მონიტორი მერიას უჩივის. მონიტორი, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს აწარმოებს, თბილისის მერიიდან  საჯარო ინფორმაციას ითხოვდა, რომელიც ვერ მიიღეს.

საქმე ეხება ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა თბილისის ქრონიკის  ბიუჯეტს. მონიტორის ჟურნალისტმა ცქრიალა შერმადინმა მერიაში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს, ოთარ ტატალაშვილს ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა წერილობით, შესაბამისი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

მონიტორმა სამჯერ გამოითხოვა ერთი და იგივე ინფორმაცია. ერთ–ერთი მიზეზი იყო გასაჩივრების ვადის გაშვება, რაც შერმადინის თქმით, უკავშირდებოდა იმ პასუხებს, რომლებსაც ისინი მერიისგან ზეპირი სახით იღებდნენ:

„გვეუბნებოდნენ, რომ მოგაწვდით ინფორმაციას, მაგრამ არ ვიცით, როდის და ა.შ.“

საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის თაობაზე წერილობითი უარი მერიისგან სტუდია მონიტორს არ მიუღია. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში კი ვკითხულობთ:

„საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს

უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ“.

მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორმა მესამედ მიმართა მერიაში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს წერილით და პასუხი ვერ მიიღეო,  ადმინისტრაციული საჩივრით მათ მერს,  გიგი უგულავას მიმართეს.  თუმცა ამ საჩივარს, როგორც შერმადინი ამბობს, რეაგირება არ მოჰყოლია.

2010 წლის 20 აპრილს სტუდია მონიტორმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პირველ ინსტანციას პროცესის დასანიშნად ხუთთვიანი ვადა აქვს.

„ხუთი თვე გასულია უკვე, თუმცა ჯერ არანაირი პასუხი არ არის“, – ამბობს შერმადინი.

სტუდია მონიტორს, აღნიშნული საქმის გარდა, რამდენიმე მსგავსი საქმე აქვს სასამართლოში გასაჩივრებული, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსიტროს, საქართელოს მთავარი პროკურატურის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი