ახალი ამბებიკინო

„ჩვენი მთავარი მოვალეობა არაა, ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მომზადებაა“ – პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 •
„ჩვენი მთავარი მოვალეობა არაა, ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მომზადებაა“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, კონსტიტუცია მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია, ხოლო ხალხის მოვალეობა ახალი არჩევნებისთვის მზადებაა.

„ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს. მმართველმა გუნდმა, ერთა პარტიამ, დაიხია თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან. პირველ რიგში, მეცოდება კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ კონსტიტუციის თავზე დახევა არ დასჭირდებოდა. მეცოდებიან პარლამენტარები, რომლებიც ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი; იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ კვირით, – არ ვიცი, – ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ, არც ერთს, არანაირი უფლება არ გააჩნია.

სამაგიეროდ, არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომამავალი მათ ხელშია. უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ ძალიან მალე სადავეები აიღონ ხელში. თუ რამეს ვხედავთ, თქვენი დრო მოვიდა. ძველი დრო, ასახული დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური ძალები. ძალიან მალე დადგება ახალი არჩევნების დრო.

ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არაა, ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების იმედი, რომლებიც მზად არ არიან, მიატოვონ საქართველო. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად. როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით – რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი