“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ საერთაშორისო პარტნიორებთან არჩევნების საკითხზე. ასე გამოეხმაურა ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას.
ბორელმა თქვა, რომ საჭიროა 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიება, რისთვისაც ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო. 2020 წელს იგივე დამოკიდებულება არ გვქონდა, როდესაც გაგვიყალბეს პარალელური დათვლები, იგივე ხდება ახლაც. რატომ არ გამოვიდნენ და არ აჩვენეს ხალხს ის პარალელური დათვლები, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ? იმიტომ, რომ ჰქონდათ მცდელობა, როგორმე დაძაბულობა შემოეტანათ. მაგრამ ჩვენ ეს “კინო” უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, როგორ მოქმედებენ რადიკალები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარალელურად, კალაძე ამტკიცებს, რომ რამდენიმე ინციდენტის გარდა “არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა”.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და საზოგადოების დიდი ნაწილი. “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვება არ მიულოცია არცერთ საერთაშორისო პარტნიორს. პირიქით, ისინი ეთანხმებიან ოპოზიციის მოთხოვნას საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ.
არჩევნების შემდეგ პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. დღეს, 19 ნოემბრის დილას, პოლიციამ ძალადობრივად დაარბია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 2-დღიანი უწყვეტი აქცია. პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს აქციის მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ არაერთი საჩივრის მიუხედავად, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მოთხოვნა ბიულეტენების გადათვლაზე. თუნდაც, მხოლოდ შემთხვევით შერჩეულ უბნებზე. გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიები ითხოვდნენ, ამომრჩევლებს ჰქონოდათ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა იმის შესახებ თუ სად და რომელ საათზე მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. მათი თქმით, ასე შესაძლებელი იქნებოდა ე.წ. კარუსელების გამოაშკარავება. თუმცა, ცესკომ ოპოზიციის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და საბაბად სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა დაასახელა.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ცესკო ცდილობდა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ინფორმაციის ფალსიფიცირებას. ისინი კითხვებს სვამდნენ იმის შესახებ, თუ სადამდე შეინახებოდა ამ აპარატებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები. საბოლოოდ, მათ პროკურატურას მიმართეს აპარატებში ჩატვირთული ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით, თუმცა უწყებამ მათი სარჩელი დაუშვებლად ცნო. პარტია აცხადებდნენ, რომ იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად “ოცნების” კონტროლის ქვეშ გადასვლა.
პროკურატურამ არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში მათ არაერთი ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს. მათი უმრავლესობა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარს ამბობს და გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე თანხმდება. ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დალუქა ვერიფიკაციის აპარატები. გახარიას პარტიაში აცხადებენ, საგამოძიებო უწყება “ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია”.
