საქართველოს პროკურატურის განცხადებით, არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაილუქა არჩევნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებითვე, გამოძიება გამოითხოვს აპარატებში დაცულ ინფორმაციას – მათ შორის უბანზე მისული ამომრჩევლის მონაცემებს. გარდა ამისა, გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებს კომპანია „სმარტმატიკი“, რომლის აპარატებითაც ჩატარდა არჩევნები.
„გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ კი დაგეგმილია კომპიუტერული/ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ამომრჩევლის დუბლირებას, ასევე, ხომ არ ფიქსირდება საზღვარგარეთ მყოფი პირების ნაცვლად საქართველოში ხმის მიცემის შემთხვევები.
ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია – სმარტმატიკმა, ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები,აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს არსებული ინფორმაციის შენახვა და დაცულობა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარად „ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება მძევლად აიყვანა“ – ვინაიდან, მისი თქმით, ხელისუფლებას ამ მონაცემების გაყალბება/შეცვლა შეეძლება, არადა, მათი მეშვეობით, არჩევნების გაყალბების დადასტურება შეიძლებოდა.