ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს მოუწოდებენ, გადამოწმდეს, ვინ მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.
დამკვირვებელი ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა” აცხადებს, რომ არჩევნებში ადგილი ჰქონდა ე.წ. სისტემურ კარუსელს, რომლის ფარგლებშიც ერთმა და იმავე ადამიანებმა არაერთგზის მისცეს ხმა სხვისი, მათ შორის შესაძლოა, ემიგრაციაში მყოფი ადამიანების პირადი ნომრების გამოყენებით.
ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის განცხადებით, ცესკოს მარტივად შეუძლია ამ პოზიციის გაბათილება, თუ ის ამომრჩევლებს მისცემს საშუალებას, შეამოწმონ, მათი პირადი ნომრით ვინ მისცა ხმა, სად და როდის.
პირობითად ემიგრანტი, რომელსაც რეალურად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუ აღმოაჩენს, რომ ვიღაცამ მისი პირადი ნომრის გამოყენებით საქართველოში მისცა ხმა, ეს “კარუსელის” დამადასტურებელი ფაქტი იქნება.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა, რომ დაიწყოს კამპანია, სახელწოდებით – „გადაამოწმე შენი თავი, სად მიეცი ხმა“.
როგორც მათი ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აცხადებს, ამისათვის უნდა შეიქმნას არჩევნებში მონაწილეთა ბაზა, სადაც თავად ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა გადაამოწმონ, სად მისცეს ხმა.
“ეს რომ გავაკეთოთ, აუცილებელია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მყისიერად მოახდინოს ვებ-გვერდის ადაპტირება და შექმნას არჩევნებში მონაწილეთა ბაზა იმისათვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მიმსვლელთა სიაში. ეს უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ მისი ნების გამოვლენის დადასტურების შესაძლებლობას.
თუ ხელისუფლება თვლის და ამტკიცებს, რომ გაყალბებას და ტექნოლოგიურ მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია, მას შეუძლია ასეთი ბაზა დაუყოვნებლივ შექმნას და დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეების ნდობა. თუ არ შექმნის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ეშინია, რადგან ისინი რეალურ შედეგებს შეამოწმებენ“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
„გახარია – საქართველოსთვის“
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მოთხოვნაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 076 791 ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს შეეძლება გადაამოწმოს, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა.
გარდა ამისა, პარტია ითხოვს, რომ ცესკომ არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტი და ყველა ის ცვლილებაც გაასაჯაროოს, რომელიც ამ დოკუმენტშია შეტანილი.
როგორც პარტიის ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, მათ აქვთ დასაბუთებული ეჭვი, რომ „სმარტმატიკთან“ გაფორმებულ კონტრაქტში არჩევნებამდე ცვლილებები შევიდა, რომლის მთავარი მიზანიც იყო, რომ ინფორმაციის შენახვის ვადები შემცირებულიყო.
ამიტომ, გახარიას თქმით, თუ, მაგალითად, 2 კვირაში „სმარტმატიკი“ თავის ბაზებს გაანადგურებს, მაშინ უკვე „წესრიგში მოყვანილი“ ცესკოს ბაზები შერჩებათ.
„ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს პირად მონაცემებს და კანონს არღვევს. ცესკოს მინდა შევახსენო, რომ ბაზების გასაჯაროებას არავინ ითხოვს, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებაზე და დაცვაზე. ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შევიდეს, გადაამოწმოს თავისი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი. ჩვენ ვითხოვთ, ამ ინფორმაციას დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე. მათ ამის გაკეთება 1 საათში შეუძლიათ, არანაირი პრობლემა არ არის.
რატომ გვინდა ეს და რატომ მივმართეთ ცესკოს „სმარტმატიკის“ კონტრაქტის გამოქვეყნების [მოთხოვნით]? – ჩვენ არ ვიცით, „სმარტმატიკთან“ კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და ეს ინფორმაცია როდემდე შეინახება, შეიძლება 10 დღეში, ან 1 თვეში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. მეორე მხრივ, ამხელა დაძაბულობის და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როცა ამხელა საერთაშორისო წნეხია ქვეყანაზე, როცა ქვეყანას ევროპული განვითარების გზა ეკეტება, თუ სახელმწიფო მართლაც ამბობს, არჩევნებზე არაფერი მომხდარაო, ამ ინფორმაციის გასაჯაროება ერთხელ და სამუდამოდ დახურავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, არჩევნების შედეგებით მანიპულირება მოხდა თუ არა.
ამ ინფორმაციის გასაჯაროება ნებისმიერი სახით ცესკოს შეუძლია, ეს შეიძლება იყოს დაცული, ნეიტრალური პლატფორმა. ცესკოს თუ უნდა, ნდობა აღადგინოს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგან, თუ არ აინტერესებთ და ფეხებზე ჰკიდიათ, მაშინ ეს პასუხიც პასუხი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ძლიერი საქართველო“
26 ოქტომბერს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა სიის გასაჯაროებას, პირადი ნომრის დაფარვით, „ლელოს“ ირგვლივ შექმნილი კოალიცია „ძლიერი საქართველოც“ ითხოვს.
როგორც კოალიციის წევრი მამუკა კაციტაძე ნეტგაზეთთან ამბობს, ამის გარდა, ისინი ცესკოსგან ითხოვენ, რომ მიაწოდონ 26 ოქტომბრის მდგომარეობით იმ მოქალაქეების სია, რომელთაც საქართველოს საზღვარი ჰქონდათ გადალახული.
მისი თქმით, ამ ორი მონაცემის შედარებით შეძლებენ დაადგინონ, მოხდა თუ არა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების პირადი ნომრებით საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა.
მამუკა კაციტაძის თქმით, მართალია, სიების გახსნა არ არის სავალდებულო, მაგრამ ცესკოს და სასამართლოს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება სიების გახსნაზე.
„ჩვენ მივმართეთ ცესკოს, რომ მოგვაწოდონ საზღვარგადალახულთა სია და ყველა საოლქოს აქვს მიმართვა, რომ გახსნან სიები. ჩვენ გუშინ მივმართეთ საჩივრებით და 4-დღიანი ვადაა საჩივრის დაწერიდან პასუხის გაცემამდე.
როცა ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სიაში არიან საქართველოში არმყოფები და ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ კუთხით უდანაშაულო ხარ და არაფერი პრობლემა გაქვს, მაშინ რატომ არ ხსნი სიას? გახსენი და გააგებინე ხალხს, ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
ცესკოს წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი და აღნიშნეს, რომ პირადი მონაცემები არ შეიძლება გახდეს საჯარო. არავინ ითხოვს პირადი ნომრების გასაჯაროებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ პირადი ნომრის დაფარვის დაცვით, ცნობილი გახადონ არჩევნებზე მისული კონკრეტული პიროვნებები სახელით, გვარითა და საცხოვრებელი მისამართით.
შეიძლება ეს იყოს ელექტრონულად ან უბანზე ამოიბეჭდოს მისულ ამომრჩეველთა ვინაობა პირადი ნომრის დაფარვით. ნებისმიერი სახით, ოღონდ გასაჯაროვდეს, ბეჭდვითი სახით იქნება თუ ელექტრონული. ოღონდ ამის პარალელურად, აუცილებლად საჭიროა, რომ ასევე გასაჯაროვდეს და ხელმისაწვდომი იყოს იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც 26 ოქტომბრის მოცემულობით საზღვარგადაკვეთილი იყო“, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.
მამუკა კაციტაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე გამოკრულ კედლის სიებშიც უნდა ყოფილიყო მითითებული საზღვარგადალახულთა გასწვრივ, რომ „იმყოფება უცხოეთში“. თუმცა ამბობს, რომ ასე არ იყო და ამის მაგალითად ის უბანი მოჰყავს, სადაც თავად მისცა ხმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დარღვევას, რომელიც შესაძლოა მომხდარიყო, იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე პირადობით ადამიანი სხვადასხვა უბანზე მისცემდა ხმას, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ამის დასადგენად საჭირო იქნება მონაცემების გაციფრულება.
„ერთი პირადობით სხვადასხვა უბანზე მისვლა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ამომრჩეველთა სიაში იყო რამდენიმე ადგილზე. 2011-2012 წლებში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიას მე ვხელმძღვანელობდი. მაშინ იყო ასეთი სისტემა, რომ თუ ერთი და იგივე პირადი ნომერი ერთიან სიაში მეორდებოდა, სია აწითლებდა კონკრეტულ ამომრჩეველს ანუ არ იღებდა. წესით ეს პრინციპი უნდა შეენარჩუნებინათ. თუმცა, თუ ჩახსნეს ერთმანეთისგან, ერთიანი სია დაარღვიეს და უბნური სიები გააკეთეს, ტექნიკურად ეს შესაძლებელია.
რა უნდა გაკეთდეს ასეთ დროს? – უნდა იქნას ამოღებული დღევანდელი სია ყველა უბნიდან. უნდა გაციფრულდეს ეს ყველაფერი და პროგრამამ უნდა გვაჩვენოს, რომ კონკრეტული მოქალაქე მეორდება კიდევ სადღაც“, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.
რას პასუხობს ცესკო ოპოზიციის მოთხოვნას?
ოპოზიციის მოთხოვნის პასუხად ცესკოში აცხადებენ, რომ მსგავსი ბაზის შექმნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. როგორც ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ნეტგაზეთთან ამბობს, პოლიტიკოსებმაც ძალიან კარგად იციან, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული.
„ჩვენ ვართ ადმინისტრაციული ორგანო და ყველა ჩვენი ქმედება როგორც წარსულში, ასევე მომავალშიც დაფუძნებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ კანონზე. ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივი შესაძლებლობა, მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია ის, რომ ასეთი ტიპის ბაზა შევქმნათ და გამოვაქვეყნოთ. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე საუბრის გაგრძელება სხვა მიზანს ემსახურება, თუნდაც იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით გააჩინონ უნდობლობა.
ჩვენი გადაწყვეტილებები არ არის დამოკიდებული ჩვენს ან სხვების ნებასა და სურვილზე. ეს უნდა იყოს სამართლებრივ შესაძლებლობაზე. საარჩევნო ადმინისტრაციას მსგავსი შესაძლებლობა არ გააჩნია და ყველა დაინტერესებულმა მხარემ როგორც სურს, ისე გაიგოს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცალსახად განსაზღვრავს, რა ტიპის ბაზები არსებობს ჩვენთან. ეს არის ამომრჩეველთა საერთო სია. რა მონაცემებია საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელია პერსონალური მონაცემები, რომელიც არის დაფარული და არ არის საჯარო და ა.შ. ჩვენ კანონმდებლობის შესაბამისად ვიღებთ ყველა გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ნათია იოსელიანი.