გახარიას პარტია აცხადებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში.
„პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია. ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივად, მძევლად აჰყავს როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი“, — ნათქვამია განცხადებაში.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 29 ოქტომბერს მოითხოვა სიების გასაჯაროება, 30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. 1 ნოემბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მტკიცებულებების დაცვა.