ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აკვირდებიან საქართველოში მოვლენების განვითარებას და ელოდებიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საბოლოო შეფასებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
საქართველოში არსებული სიტუაცია ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
„ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, ის სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს“, — აცხადებს ევროკავშირის საბჭო.
#Georgia is on the agenda of the Foreign Affairs Council.
The EU stands ready to support the Georgian people on their path towards the EU. However, it is seriously concerned about the course of action Georgia’s government has taken, which runs counter to EU values & principles.
— EU Council (@EUCouncil) November 18, 2024
მინისტრები იმსჯელებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელის წინადადებაზე საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარების სამოქალაქო საზოგადოებაზე გადამისამართების შესახებ. უცნობია, შეთანხმდებიან თუ არა სხვა ზომებზე.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, რომელიც საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს, მიიჩნევს, რომ კონსენსუსის მიღწევა, მათ შორის სანქციებზე, რთული იქნება.
„თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე, უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც ნიშანდობლივია. თუ მათ არ უნდათ გავიგოთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს თვალთმაქცობას, თითქოს საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა“, — განაცხადა ლანდსბერგისმა და ევროკავშირის გააკრიტიკა იმის გამო, რომ საქართველოს საკითხზე გამოსავალს ვერ პოულობს.
„შეშფოთებული ვართ და ვგეგმავთ დისკუსიას სამომავლო ნაბიჯებზე. რადგან ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია რეალურად არ აპირებს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზას გაჰყვეს, მიუხედავად დაპირებისა. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხარს ვუჭერდით ქართველ ხალხს. გვაქვს რამდენიმე ზომა, რომელიც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები საქართველოში“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
„არ ვარ დარწმუნებული, რა გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი საქართველოსთვის, რადგან ძალიან ბევრ ქართველს სურს, ამ გზაზე იყოს“, — განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველდკამპმა.
ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა.
„ევროკავშირი ყოველთვის თავისუფლების და ქართველი ხალხის მხარესაა. არჩევნებთან დაკავშირებით სერიოზული ბრალდებებია. ფინეთი მომავალ წელს გახდება ეუთოს თავმჯდომარე და ამ მხრივაც განსაკუთრებულად ვაფასებთ თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის მნიშვნელობას. მე ვიცი, რომ ეუთო აფასებს ამ არჩევნებს და ჩვენ მხოლოდ მოვუწოდებთ ყველა არსებული მონაცემის მართლაც ფრთხილად გაანალიზებისკენ, რომელიც ასევე უნდა გამოქვეყნდეს გამჭვირვალედ, რათა ყველამ შეაფასოს, რეალურად რა მოხდა“, — განაცხადა ვოლტონენმა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისადმი.
„ჩვენ წარსულში საქართველოსკენ მიმართული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ვმუშაობდით. მახსოვს, ბატონი ბერლუსკონის ძლიერი ქმედებები, რათა გაეჩერებინა რუსული არმიის წინსვლა თბილისზე. ახლაც მხარს ვუჭერთ თავისუფალ საქართველოს. საქართველო ევროპული ქვეყანა და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში წევრობას“, — თქვა ტაიანიმ.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო შეიკრიბა. სხდომის დღის წესრიგშია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, საქართველო, აშშისა და ევროკავშირის ურთიერთობები, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და აფრიკის რქის ქვეყნებში. ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ევროკომისია საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაციას არ უწევს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ წინადადებას დააყენებს, საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებაზე გადამისამართდეს.
ამ თემაზე: