ახალი ამბები

ლიეტუვა საქართველოს არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს — ლანდსბერგისი

18 ნოემბერი, 2024 •
ლიეტუვა საქართველოს არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს — ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ლიეტუვა არ მიიჩნევს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა.

მისი თქმით, ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს სურთ გაიგონ,  რეალურად რა მოხდა.

„თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე, უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც ნიშანდობლივია. თუ მათ არ უნდათ გავიგოთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს თვალთმაქცობას, თითქოს საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა“, — განაცხადა ლანდსებრგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ რთულია ევროკავშირში კონსენსუსის მიღწევა საერთაშორისო გამოძიებაზე და თუნდაც სანქციებზე.

„იოლი გზა არ არსებობს. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იზოლაციონიზმზე აშშ-ში, ევროპამაც უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა — განა ევროპა არ ახდენს თვითიზოლირებას? რატომ ვერ ვპოულობთ გამოსავალს საქართველოზე და ქართველი ხალხის მოთხოვნაზე? შესაძლოა, ევროპაც თავის თავში იკეტება. და თუ ამ მიდგომამ პროგრესი განიცადა, ძალიან საშიშია საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და თავად ევროპისთვის“, — დასძინა ლანდსბერგისმა.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი წინადადებას დააყენებს, საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას გადაეცეს.

ბორელი 100 მლნ ევროს დახმარების მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებას გადაცემას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი