ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.
დეპუტატები განიხილავენ საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის- რუსეთის სავარაუდო ჩარევას. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგის შეცვლაზე ამ თემის დასამატებლად. გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა სხდომის გახსნაზე კენჭისყრით უნდა დაადასტურონ.
„ათასობით ადამიანი გამოვიდა საქართველოს ქუჩებში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად, რომლის დროსაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გამარჯვება ხმების გაყალბებაში რუსეთის დახმარების შესახებ ბრალდებების ფონზე. აქციის მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და სავარაუდო გაყალბების შესახებ სათანადო გამოძიებას“, — ნათქვამია ევროპარლამენტის პრეს-რელიზში.
საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ რეზოლუციის კენჭისყრა 25-28 ნოემბერს იგეგმება.