“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) უფროსი მკვლევარი, შოთა ნარსია, რომელმაც ცდომილება აღმოაჩინა ცესკოს ოფიციალურ გენდერულ სტატისტიკაში, ეხმაურება უწყების განმარტებას. ნარსიას თქმით, თუ ცესკო “გარკვეულ უზუსტობას” აღიარებს მხოლოდ რამდენიმე უბანზე, გამოდის, დანარჩენ უბნებში, სადაც ასევე არის ცდომილება, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას.
“ცესკო ჩვენ გვეუბნება, რომ მხოლოდ რამდენიმე უბანზე დაუშვეს შეცდომა. თუ მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე უშვებენ ისინი შეცდომის არსებობას, მაშინ გამოდის, რომ დანარჩენ უბნებში [სადაც აღმოჩნდა დისბალანსი] ჰქონდა ადგილი მანიპულაციებს კენჭისყრის დროს. მათ შორის, ეს მანიპულაცია შეიძლება ყოფილიყო კარუსელი […]
ყველა ეს მიგნება ეფუძნება ცესკოს მონაცემებს: მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ვებ-გვერდზე და ჩვენთვის მოწოდებულ მონაცემებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხისმგებელია ცესკო. მათ შორის, უზუსტობებზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ადგილი ჰქონდეს უზუსტობებს. ეს თავად ცესკომ უნდა თქვას და რამდენიმე უბანზე უზუსტობის აღიარება ვერ ხსნის იმ აუხსნელ შემთხვევებს, რაც ჩვენ ამ ანალიზის შედეგად გამოვკვეთეთ”, – განაცხადა ნარსიამ “ფორმულას” ეთერში.
ის გამოეხმაურა ცესკოს იმ არგუმენტსაც, რომ გენდერული სტატისტიკის წარმოებას მათ კანონი არ ავალდებულებს. ნარსია ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის შედეგ ცესკომ თავად აიღო ვალდებულება ამგვარი სტატისტიკის წარმოების შესახებ.
ამ არგუმენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძეც.
“ცესკომ აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა არ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ნორმას და შესაძლებლობას აძლევს მკვლევრებს და სოციოლოგებს, გენდერული სტატისტიკა აწარმოონ. ვფიქრობთ, მკვლევრებსა და სოციოლოგებსაც სჭირდებათ ზუსტი სტატისტიკა”, – წერს დოლიძე.
ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ISFED-ის საპასუხოდ განაცხადა, რომ გენდერული სტატისტიკა არ არის ოფიციალური მონაცემი და ის აერც არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეიტანება. გარდა ამისა, მისი თქმით, სტატისტიკა, რომლიც უზუსტობას შეიცავს, არის პირველადი მონაცემები, რომლებიც საუბნო კომისიის წევრებმა არასწორად გააგზავნეს ცესკოში.
ISFED-ის მკვლევარი ამბობს, რომ ცდომილება აღმოაჩინეს მათ შორს იმ უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. შოთა ნარსია ამბობს, რომ თუ აპარატები აქტივობას სწორად ითვლის, რაც ნამდვილად ოფიციალური მონაცემია, მაშინ მან ცდომილების გარეშე უნდა დათვალოს გენდერული სტატისტიკაც.
“საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს ქვითარს ვერიფიკაციის აპარატიდან, მოსული ამომრჩევლების და მათ გენდერულ ჭრილსაც, რომელსაც ასევე ვერიფიკაციის აპარატი იძლევა, უგზავნის ცესკოს პლანშეტით. ამიტომ, იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული სისტემით ჩატარდა არჩევნები, ნაკლები დაშვება არსებობს იმის, რომ სქესის დათვლისას კომისიამ შეცდომა დაუშვა. ხელით გადათვლის შემთხვევაში შეიძლება ბევრი შეცდომა ყოფილიყო, იმიტომ, რომ კომისიას ვერ დაეთვალა სწორად. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს განსხვავება ფიქსირდება ელექტრონულ უბნებზეც”, – განაცხადა ნარსიამ.
ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ISFED-ის საპასუხოდ ორი დღის განმავლობაში ორი ბრიფინგი გამართა. დღეს, 8 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე მან ორგანიზაცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საზოგადოებაში არასწორი აღქმების გავრცელებაში.
“კენჭიყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რეალური ოდენობა დგინდება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებით, რომლებიც ემყარება საარჩევნო ბიულეტენების, საარჩევნო მოთხოვნათა დაცვის, მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების ხელით დათვლის შედეგებს. კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა 20:00 საათის აქტივობა არის წინასწარი მონაცემები, რომლებიც იგზავნება საარჩევნო უბნებიდან. არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების შესახებ საბოლოო მონაცემები ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში
ცესკომ საზოგდოებას განუმარტა, რომ გენდერული სტატისტიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნულ მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე”, – განმარტა იოსელიანმა.
მისივე თქმით, შეცდომა მხოლოდ 11 საარჩევნო უბანზეა და, ჯამში, ეხება 150-მდე ამომრჩეველს. იოსელიანი შეცდომის ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებს სპეციალურ სიებს, რომლებიც ემატება კონკრეტულ უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. თუმცა, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, არსებობს უბნები, სადაც კაცი ამომრჩევლების აქტივობა იმ შემთხვევაშიც კი აჭარბებს რეგისტრირებულ საერთო რაოდენობას, თუ დავუშვებთ, რომ სპეციალურ სიაში მხოლოდ კაცი ამომრჩევლები იყვნენ და ყველა მათგანი მივიდა კენჭისყრაზე. მაგალითად, ბორჯომის მე-11 საარჩევნო უბანზე სულ რეგისტრირებულია 511 კაცი ამომრჩეველი, სპეციალურ სიაში – 8 ამომრჩეველი, ცესკო-ს მიერ ISFED-სთვს მიწოდებული მონაცემებით კი ამ უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 599-მა კაცმა.
გარდა ამისა, ცესკო არ პასუხობს იმ კითხვებს, რაც ჩნდება კაცი და ქალი ამომრჩევლების “არაბუნებრივი განაწილების” შემთხვევებში. მაგალითად, უწყების მიერ ISFED-სთვის გაგზავნილი მონაცემების მიხედვით, გორის 38-ე საარჩევნო უბანზე მივიდა რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების 90%, იმავე უბანზე ქალების აქტივობა არის 43%; ასევე, შუახევის 30-ე უბანზე კაცების აქტივობა იყო 100%, ხოლო ქალების – 55%. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებლები აჩენს კითხვებს შესაძლო მანიპულაციის შესახებ.
ამავე თემაზე: