ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღიარებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული მონაცემები გენდერულ ჭრილში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ “შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს”.
თუმცა უწყებაში ამტკიცებენ, რომ მას კავშირი არ აქვს არჩევნების შედეგებზე.
“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უბნების ნაწილში კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობებს შორის არაბუნებრივი სხვაობის შესახებ, 7 საათის შემდეგ ბრიფინგზე უპასუხა ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა. იოსელიანის თქმით, ISFED ცდილობს მცდარი აღქმების დათესვას საზოგადოებაში, რომლის მიზანია “საარჩევნო საკითხებში და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა”.
“კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევერლთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას. აღნიშნული მონაცემები არ ითვლება მთვლელების მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში. ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მკვლევრებს, სოციოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გენდერულ ჭრილში შეისწავლონ ამომრჩეველთა აქტივობა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა არჩევნებზეც ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, ის არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა, ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და, შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცესკოს პრეს-სპიკერი ამტკიცებს, რომ მონაცემებში უზუსტობები მხოლოდ რამდენიმე უბანზეა და ეხება ამომრჩეველთა მცირე რაოდენობას. გარდა ამისა, ის ასახელებს კიდევ ერთ ფაქტორს, რასაც შესაძლოა, გამოეწვია ამგვარი უზუსტობა: ესენი არიან ამომრჩევლები, რომლებიც მათი პროფესიის გამო თუ სხვა მიზეზით კენჭისყრაში მონაწილეობას ოფიციალური რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე იღებენ. მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი და ა.შ.
დღეს, 7 ნოემბერს, ISFED-მა გამოაქვეყნა ცესკო-ს მიერ მათთვის გაგზავნილი მონაცემები, სადაც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გენდერული ნიშნითაა ჩაშლილი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შენიშნეს, რომ ზოგიერთ ოლქში კაცი ამომრჩევლების აქტივობა ქალებისას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
ცესკოს მიერ მათთვის გაგზავნილი მონაცემების ანალიზით აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ უბანში კენჭისყრაში მონაწილეობა იმაზე მეტმა კაცმა მიიღო, ვიდრე ამ უბნის კაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა. ასეთი სულ 23 უბანია. მათგან 6 უბანზე თეორიულად გამორიცხული შემთხვევებიც ფიქსირდება.
ორგანიზაციას არ აქვს წვდომა სპეციალური სიებში ქალ და კაც ამომრჩეველთა თანაფარდობაზე. თუმცა არსებობს უბნები, სადაც კაცი ამომრჩევლების აქტივობა იმ შემთხვევაშიც კი აჭარბებს რეგისტრირებულ საერთო რაოდენობას, თუ დავუშვებთ, რომ სპეციალურ სიაში მხოლოდ კაცი ამომრჩევლები იყვნენ. მაგალითად, ბორჯომის მე-11 საარჩევნო უბანზე სულ რეგისტრირებულია 511 კაცი ამომრჩეველი, სპეციალურ სიაში – 8 ამომრჩეველი, ცესკო-ს მიერ ISFED-სთვს მიწოდებული მონაცემებით კი ამ უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 599-მა კაცმა.
ცესკო-ს მიერ ISFED-სთვის მიწოდებულ მონაცემებში პრობლემური მხოლოდ ის 23 უბანი არ არის, სადაც კაცი ამომრჩევლების აქტივობა 100%-ს აჭარბებს. კიდევ ათობით უბანზე კაც და ქალ ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლები არაბუნებრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, 62 უბანია ისეთი, სადაც რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების 80%-ზე მეტი გამოცხადდა კენჭისყრაზე, მაშინ, როცა ამავე უბნებში ქალების აქტივობის მაჩვენებელი 57%-მდეა.
გარდა ამისა:
- 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია. მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლების მეტობითაა გამოხატული, 32 საარჩევნო უბანზე კი – ქალი ამომრჩევლების.
- მოცემული 275 უბნიდან, 67 საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე ქალებისას 30-ზე მეტი პროცენტული პუნქტით სჭარბობს, 12 საარჩევნო უბანზე კი ამდენივე პროცენტული პუნქტით აღემატება არჩევნებში გამოცხადებული ქალების წილი კაცებისას.
ISFED-ის უფროსი მკვლევარი, შოთა ნარსია გვიხსნის, რომ საქართველოში არის ოლქები, სადაც, ტრადიციულად, კაცების აქტივობა უფრო მაღალია ხოლმე. თუმცა, როცა განსხვავება ქალებისა და კაცების აქტივობას შორის 20-30%-ია, ან უფრო მეტი, როგორც მკვლევარი ამბობს, ეს სცდება ლოგიკური განაწილების ფარგლებს.
“როდესაც გამოცხადებულ კაცი ამომრჩევლების წილი სიიდან არის მნიშვნელოვნად მაღალი, ვიდრე ქალების, ეს არ არის ბუნებრივი, თუ რაიმე კულტურული ფაქტორით არ აიხსნება. მაგალითად, საქართველოში არსებობს ოლქები, სადაც, ტრადიციულად, ქალები არ გამოირჩევიან მაღალი პოლიტიკური მონაწილეობით. შესაბამისად, არჩევნებში მათი გამოცხადებაც არის უფრო დაბალი დონით გამოხატული, ვიდრე კაცების. მაგრამ, ასეთ ოლქებშიც კი, რიგ უბნებში, განსხვავება იმდენად მაღალია, რომ სცდება კულტურული ფაქტორებით ახსნის შემთხვევებს.
ასეთია, მაგალითად, ქვემო ქართლის საარჩევნო უბნები, მაღალმთიანი აჭარის საარჩევნო უბნები და სხვა საარჩევნო უბნები ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც არსებული სხვაობა იძლევა ეჭვის გამოთქმის საფუძველს, რომ თუ ეს მონაცემი არის ვალიდური, მაშინ ამ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის პროცესში, ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს”, – ამბობს ნარსია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
“ნეტგაზეთი” შეეცადა ერთმანეთისთვის შეედარებინა ცესკო-ს მიერ ISFED-სთვის გადაცემული მონაცემები და მონაცემები, რომლებსაც უწყება ვებ-გვერდზე ტვირთავს. აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა საათებისა და ოლქების მიხევდით, მათ შორის გენდერულად ჩაშლილი მონაცემები, ცესკო-ს საიტზე აღარ იძებნება. მაშინ, როცა მინიმუმ ერთი კვირის წინ ეს მონაცემები ხელმისაწვდომი იყო.
შოთა ნარსია ამბობს, რომ მართალია, მონაცემები ცესკოს ვებ-გვერდზე აღარ იძებნება, მაგრამ მათ აქვთ შენახული ის ბმული, სადაც ეს მონაცემები იტვირთებოდა. მკვლევარი ამბობს, რომ ბმული აქტიურია, თუმცა მას შემდეგ, რაც ISFED-მა ცესკოსგან ინფორმაცია გამოითხოვა, აღნიშნულ ბმულზე მონაცემები შეიცვალა.
“მას შემდეგ, რაც ჩვენ ინფორმაცია გამოვითხოვეთ, ცესკო-ს საიტზე შეიცვალა მონაცემები: ქალების რაოდენობა გაიზარდა და კაცების შემცირდა. შეუძლებელია ასეთი ცვლილება. პირველადი მონაცემები თუ იყო, შეიძლება დაემატოს მაჩვენებლები, მაგრამ როგორ შეიძლება, კაცი ქალად იქცეს და ქალი კაცად?! ვერ აიხსნება ვერანაირად მსგავსი პატერნები გარდა ორი შემთხვევისა – მანიპულაციისა და უნებლიეთ დაშვებული შეცდომისა”, – ამბობს შოთა ნარსია.
კიევ ერთი მნიშვნელოვანი აცდენა, რაც ISFED-მა აღმოაჩინა, არის დისბალანსი ცესკო-ს მიერ მათთვის გაგზავნილ და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას შორის. მაგალითად, ცესკოს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით [რომლებიც 7 ნოემბრის მდგომარეობით ახლა აღარ იძებნება] არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ადამიანმა მიიღო, საიდანაც 961 751 იყო ქალი და 1 098 661 კაცი. ხოლო უწყების მიერ ISFED-სთვის გაგზავნილ მონაცემებში, სადაც ინფორმაცია ოლქების მიხედვით არის ჩაშლილი, გაზრდილია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა – 2 063 348 ამომრჩევლიდან 1 053 662 არის ქალი და 1 009 686 კაცი.
“საერთო ჯამში, ფიქსირდება არჩევნებზე მოსული ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით და კაცი ამომრჩევლების რიცხვის კლება 88 975-ით. ზოგიერთ შემთხვევაში, კერძოდ, 10 საარჩევნო ოლქში, შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. მათ შორის მაქსიმალური აცდენა გამოვლინდა #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, თუმცა ბოლოს მიღებული მონაცემებით ფიქსირდება 43 858 ამომრჩევლის გამოცხადება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მსგავსი დისბალანსია საბურთალოსა და სამგორის ოლქებში, ასევე, აბაშასა და ქედაში. ყველაზე დიდი აცდენის მქონე 15 ოლქის მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში:
“ორი თეორიული დაშვება ხსნის მხოლოდ ამას: ან მონაცემებში არის შეცდომა, რაც ცესკო-ს პასუხისმგებლობაა როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალური ადმინისტრაციის დონეზე, ან თუ ეს მონაცემები ვალიდურია, მაშინ ნიშნავს, რომ კენჭისყრის პროცესში ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს. ეს მონაცემები, მათ შორის, შესაძლოა ყოფილიყო კარუსელი – სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, მრავალჯერადად ხმის მიცემა და ა.შ. როგორ მოხდა ეს, ასახსნელია ცესკო-ს მხრიდან”, – ამბობს შოთა ნარსია.
ამ საკითებზე არ უსაუბრია ცესკოს პრეს-სპიკერს, ნათია იოსელიანს. ISFED-სთვის საპასუხო ბრიფინგზე მან მხოლოდ გენდერულად ჩაშლილი მონაცემების შეუსაბამობაზე გააკეთა კომენტარი და მასაც “გარკვეული უზუსტობა” უწოდა.
იმ მონაცემებით, რომლებიც ცესკო-ს აქამდე ჰქონდა გამოქვეყნებული [“ნეტგაზეთმა” მონაცემები ბოლოს 1 ნოემბერს გადაამოწმა, როცა ისინი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო უწყების ვებ-გვერდზე], არჩევნებზე რეგისტრირებული ქალების 27,51% იყო მისული, ხოლო კაცების – 31,43%. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ფონზე ეს მონაცემები ასე ნაწილდებოდა:
- ქალი – არჩევნებზე მისული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 46,67% (961 751 ქალი);
- კაცი – არჩევნებზე მისული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 53,32%% (1 098 661 კაცი).
თავი რომ დავანებოთ ოლქებად და უბნებად ჩაშლილ მონაცემებს, სადაც, როგორც ISFED-ში აცხადებენ, ქალი და კაცი ამომრჩევლების განაწილება არაბუნებრივად დისპროპორციული იყო, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა წლებში ჩატარებული არჩევნების მონაცემებისგან – ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა არჩევნებში ქალების აქტივობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში სჭარბობდა კაცების რაოდენობას.
მაგალითად, ცესკო-ს ინფორმაციით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ორივე ტურში უფრო მეტი ქალი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე კაცი.
- პირველ ტურში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 926 743-მა ქალმა და 897 571-მა კაცმა;
- მე-2 ტურში – 539 814 ქალმა და 488 962-მა კაცმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის მონაცემებში გენდერული სხვაობა ცესკოს ვებ-გევრდზე არ იძებნება, თუმცა ატვირთულია მე-2 ტურის მონაცემები, რომლის მიხედვითაც კენჭისყრაში მონაწილეობა 290 931-მა ქალმა და 274 711-მა კაცმა მიიღო.
კაცებთან შედარებით ბევრად მეტი ქალი მივიდა არჩევნებზე 2018 წლის საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნებზეც მეტი იყო ქალების აქტივობა კვლევითი კომპანია HarrisX-ის ეგზიტპოლის მონაცემებითაც. “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის მონაცემები 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების უმეტესობის დახურვისთანავე, საღამოს 20:00 საათზე გამოქვეყნდა. ის ასახავს მონაცემებს, რომლებიც უბნების გახსნიდან, დილის 08:00 საათიდან 18:45 წუთამდე შეაგროვეს.
HarrisX-ის მიერ შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხულ 10 300 ამომრჩევლის 53,1% იყო ქალი, ხოლო 46,9% – კაცი.