ახალი ამბები

„მოსამართლემ, არ აქვს მნიშვნელობა, რა დავინახეთო“ – იურისტი სააპელაციოში ხმის ფარულობის პროცესზე

6 ნოემბერი, 2024 •
„მოსამართლემ, არ აქვს მნიშვნელობა, რა დავინახეთო“ – იურისტი სააპელაციოში ხმის ფარულობის პროცესზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი აბულაძე ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობაზე ექსპერიმენტი ცესკოს ჩაატარებინა, ხოლო როცა სხდომის თავმჯდომარის მიერ შეცურებულ ბიულეტენში ხმის ფარულობა დაირღვა, მოსამართლემ განაცხადა, რომ ექსპერიმენტი მაგ დროს დასრულებული იყო.

როგორც აბულაძე ჰყვება, ცესკოს შუამდგომლობით, ექსპერიმენტი თავიდან ტარდება, რათა საქმეს თეთრიწყაროს სასამართლოს ანალოგიური ექსპერიმენტი არ დაერთოს.

  • თეთრიწყაროს ექსპერიმენტის საფუძველზე, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ამ ოლქში შედეგები ბათილად გამოაცხადა

ექსპერიმენტის ჩატარება სასამართლომ ცესკოს თანამშრომელს დაავალა, რომელიც საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრებზე იყო ხოლმე ინსტრუქტორი.

„პირველი შეცურებისას მაინც შევძელი წრის დანახვა. ამის შემდეგ მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, ჩამოსულიყვნენ და თავად ენახათ ექსპერიმენტის შედეგები. ამჯერად ცესკოს თანამშრომელმა ბოლომდე მიაყოლა კონვერტი და, რა თქმა უნდა, არ გამოჩნდა არჩევანი. თუმცა ცესკოს საინფორმაციო ვიდეოში ასეთი ინსტრუქცია ამომრჩევლებისთვის არ ყოფილა და ვერც ამომრჩეველი შეძლებდა ასე კონვერტის მიყოლებას პირველივე ცდისას“, – წერს აბულაძე.

მისი თქმით, შემდეგ „საიას“ გუნდმა სთხოვა მოსამართლეს, თავად ჩაეტარებინა ექსპერიმენტი – „ამჯერად შევძელით არჩევანის დანახვა. [ეს შეძლეს] თავად მოსამართლეებმაც“.

„ბოლოს, როდესაც აღინიშნა, რომ მოსამართლეებმაც დაინახეს ბიულეტენის უკან აღნიშვნა, ამაზე [მოსამართლე] გვრიტიშვილმა განგვიცხადა – ექსპერიმენტი დასრულდა, როცა ცესკოს თანამშრომელმა მოათავსა ბიულეტენი. მერე რა დავინახეთ, არ აქვს მნიშვნელობაო. უტიფრობა ასე პირისპირ პირველად დავინახე“, – ამბობს იურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი