არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმესთან დაკავშირებით საია-ს სააპელაციო საჩივრები გაერთიანდა – ქუთაისში სასამართლო პროცესი დღეს, 5 ნოემბერს გაიმართება, თბილისში კი- 6 ნოემბერს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ 5 ნოემბერს, სხვადასხვა დროს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უნდა განხილულიყო საია-ს საჩივრები ბათუმისა და ქობულეთის, ხონის, ვანისა და სამტრედიის, საჩხერისა და ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ, რომლებიც რაიონულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს.
საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაერთიანებული საქმის განხილვა 16:00 საათზე დაიწყება.
ასევე, გაერთიანდა საია-ს ოთხი საარჩევნო დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და სხდომა ხვალ, 16:00 საათზე დაინიშნა.
ვინ განიხილავს საიას საჩივარს სააპელაციოში?
მომხსენებელი მოსამართლე ილონა თოდუაა, რომელსაც სასამართლო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. კლანის გავლენის ქვეშ მყოფ მოსამართლედ მოიაზრებენ. 2019 წელს კითხვაზე, ვინ უფრო ლიდერია სასამართლო სისტემაში – მურუსიძე თუ ჩინჩალაძე, ილონა თოდუამ უპასუხა, რომ „მურუსიძეც და ჩინჩალაძეც არიან ლიდერები“.
„გუშინ ეს საქმეები სხვადასხვა მოსამართლეებს და, შესაბამისად, სხვადასხვა შემადგენლობებს დაეწერათ. დღეს, პროცესების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გვითხრეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. თუ ეს საქმეები ცალ-ცალკე დარჩებოდა, მათი განხილვა მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობებს მოუწევდათ. ალბათობა, რომ რომელიმე განსხვავებულ აზრს დაწერდა ან თეთრიწყაროს პრეცედენტს გაიზიარებდა, ასეთ ვითარებაში მეტი იყო. როგორც ჩანს, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა“, — აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
თეთრიწყაროს სასამართლო ერთადერთი გამონაკლისია პირველ ინსტანციაში, რომელმაც საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგები გააუქმა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტლება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.