ახალი ამბები

ჯანეზაშვილი და დოლიძე მოსამართლე თოდუას არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ

16 ივლისი, 2019 • 1020
ჯანეზაშვილი და დოლიძე მოსამართლე თოდუას არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები – ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მოსამართლე ილონა თოდუას არაკეთილსინდისიერებაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი მის ლობირებაში ადანაშაულებენ.

ჯანეზაშვილის თქმით, 2014 წლის 12 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა მოსამართლე წევრმა ილონა თოდუამ მის საკუთრებაში არსებული ბინა დედას აჩუქა, 5 დღეში კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა და იმავე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება თოდუასთვის საცხოვრებელი ბინის ქირისთვის ყოველთვიური თანხის გამოყოფის შესახებ.

საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელს აწერს მაშინდელი მდივანი ლევან მურუსიძე.

ნაზი ჯანეზაშვილმა ილონა თოდუას შესახებ განცხადება გუშინ, 15 ივლისს, პარლამენტში გააკეთა. მოსამართლე თოდუას განმარტება ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი.

“დღევანდელი სხდომა, რომელიც ასე სწრაფ რეჟიმში მოიწვიეს და დღის წესრიგში ჩასვეს ილონა თოდუას შესახებ გაკეთებული განცხადებები, ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის კლანი; რომ ისინი ლობირებენ ილონა თოდუას, წინააღმდეგ შემთხვევაში ილონა თოდუა ვერ მოხვდებოდა ასე სწარაფად დღის წესრიგში, მით უმეტეს, მაშინ, როცა ხვალ უკვე გასაუბრებას ვიწყებთ”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის შეფასებით, ილონა თოდუა არის ხელისუფლების დამკვეთების შემსრულებელი მოსამართლე. დოლიძე იხსენებს, რომ მოსამართლე თოდუას დაჯარიმებული ჰყავს “ქართული ოცნება” 2012 წელს, ასევე, დაჯარიმებული ჰყავს ტელეკომპანია “იმედი” პოლიტიკურად მგრძნობიარე პერიოდში.

“დღეს ჩვენ ვხედვათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ დაკვეთებს ადრე, კომფორტულად არიან ჩაბმული საქმიანობაში, რომელიც კორუფციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს”, – აღნიშნა დოლიძემ.

ილონა თოდუა ამჟამად იუსტიციის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატს შორისაა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ბინა, რომლის გაჩუქებაზეც არის საუბარი, მისი მშობლების და დევნილი ნათესავების ერთადერთი საცხოვრებელი იყო, რომელიც მასზე გაფორმდა, რადგან ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. თოდუას თქმით, როდესაც საკუთარი ოჯახი შექმნა, თავი ვალდებულად ჩათვალა, აღნიშნული ბინა მშობლებისთვის გადაეფორმებინა.

“მავანთ არ ესმით, რას ნიშნავს ოჯახი, მორალი და ვალდებულებები”, – განაცხადა ილონა თოდუამ.

მისი თქმით, ნაზი ჯანეზაშვილს დოკუმენტებში რომ ჩაეხედა, ნახავდა, რომ მას არავითარი სარგებელი არ მიუღია. ილონა თოდუას თქმით, ჯანეზაშვილის მხრიდან ადგილი აქვს მოსამართლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ან არაკომპეტენტურობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი