გუშინ, 4 ნოემბერს, გორის რაიონულმა სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა 15 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა დათვლასა და ამ უბნების თავმჯდომარეებისა და მთვლელებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
როგორც ISFED-ის წარმომადგენელმა, რატი თინიკაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, გორის სასამართლომ მხოლოდ უბნების ხელახლა დათვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენი ინფორმაციით, უკვე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა ამ საქმეზე“, – განაცხადა რატი თინიკაშვილმა.
კენჭისყრის დღიდან ამ დრომდე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა 302 საჩივარი. საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში ორგანიზაციამ წარადგინა 14 სარჩელი, რომელიც, ჯამში, 34 უბანს უკავშირდება. სასარჩელო მოთხოვნები ძირითადად უკავშირდებოდა: საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას (მაგალითად, მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე), შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და შედეგების ხელახალ დათვლას; დამრღვევი კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ამ ეტაპისთვის განხილული 12 სარჩელიდან მხოლოდ 1 სარჩელი დაკმაყოფილდა. დარჩენილია 2 სასამართლო სხდომა, რომელზეც შედეგების ხელახლა დათვლის მოთხოვნა უნდა განიხილონ.