დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ირწმუნება, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომელიც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „კეთილი ინებოს“ და პროკურატურას წარუდგინოს მტკიცებულებები.
ამის შესახებ კომენტარი კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ეს ადამიანი გასცდა ყველანაირ ჩარჩოს. სახე დაკარგა. ის დღეს დაკავებულია, რომ ქვეყანას მიაყენოს ზიანი. კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე, ვინ არის და საიდან იმართება. ის არის ჩვეულებრივი მავნებელი. […]
პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და მოწოდებებიც გაკეთდა, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს და წაბრძანდეს, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარადგინოს მტკიცებულებები. მოწოდებები არ გაგიგიათ აღნიშნულთან დაკავშირებით?! კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება“, — განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
საუბარს იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არც სამართლიანი ყოფილა და არც თავისუფალი, კალაძე სიცრუის კამპანიას უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დაზიანების მცდელობა.
პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გახმიანებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა და პროკურატურას მიმართა იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა, ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას.
ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისია საუბრობს საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის რისკებზე, ასევე სხვა ტიპის დარღვევებზე. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ აღწერილი დარღვევების ნაწილი ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, ნაწილი კი, დაინტერესებული მხარეების მიერ პროცესში უხეშად ჩარევის მცდელობებთან.
აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს და დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ.