2025 წლის 12 აპრილიდან ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს, კვირაში ორჯერ, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
ამ დღეს დაგეგმილი ფრენის ბილეთი 315 აშშ დოლარი ღირს და მისი ყიდვა უკვე შეგიძლიათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აქამდე ციურიხის მიმართულებით ფრენები არ ხორციელდებოდა:
“ციურიხი სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან არ განხორციელებულა ფრენები. ავიაკომპანია Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენს მიზანს შვეიცარიიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა წარმოადგენს”, – აღნიშნა მან.
Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.
ბილეთების ყიდვა Edelweiss-ისა და Swiss International Airlines-ის ვებგვერდებზე უკვე შესაძლებელია.








