ახალი ამბები

არჩევნები შედგა, ეჭვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს – ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი, 2024 •
არჩევნები შედგა, ეჭვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კმაყოფილია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების პრესკონფერენციით, მათ მიერ გამოყენებული ტერმინებით. მისი თქმით, “არჩევნები შედგა და გრძელდება ქვეყნის განვითარება”.

„პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. პირიქით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული. არჩევნები იყო კონკურენტული”, — ამბობს კობახიძე.

კობახიძე კმაყოფილია პრესკონფერენციაზე მომხსენებელთა მეტყველებითაც და იმ ტერმინებით, რასაც ისინი იყენებდნენ, მაგალითად, „არჩეული ხელისუფლება“.

„ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა ერთადერთი სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი ღიაობა. კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს. არჩევნები არის შემდგარი. უახლოეს მომავალში უკვე შეჯამდება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც არის რა თქმა უნდა მთავარი ინტერესი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, — აცხადებს კობახიძე.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, წინასაარჩევნო პერიოდსა და უშუალოდ კენჭისყრის დღეს 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).

მისიის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ:

  • არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მძაფრი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენითა და პრეზიდენტის აპარატის წინააღმდეგ მიმართული ანტაგონიზმით.
  • ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს.
  • ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული.
  • მისიამ შენიშნა პოლიტიკური განხეთქილების უწყვეტი გაღრმავება, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი უთანასწორობა და მმართველი პარტიის მიერ თავისი უპირატესობებით სარგებლობის ბევრი შემთხვევა, რამაც ისედაც უთანასწორო საასპარეზო ველი კიდევ უფრო უთანასწორო გახადა.
  • შეშფოთებულები არიან საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო და 26 ოქტომბრის არჩევნები ამ უკუსვლის დადასტურებაა.

სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა, ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას.

ვრცლად საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებაზე:

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებზე

ასევე ამ თემაზე:

„ჩემი ხმა“ : ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა – საია

მასალების გადაბეჭდვის წესი