ახალი ამბები

„ჩემი ხმა“ : ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

27 ოქტომბერი, 2024 •
„ჩემი ხმა“ : ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია, “ჩემი ხმა”, აცხადებს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას.

სადამკვირვებლო მისია ამ განცხადებას ავრცელებს დღის მანძილზე „ოცნების“ სასარგებლოდ გამოყენებული გაყალბების სქემების, ამომრჩეველზე ზეწოლისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის საფუძველზე.

„დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგის შეცვლა იყო. აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისათვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების დაკვირვებაზე ხელშეშლა. დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ამომრჩევლებისთვის ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევებიც, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია უკვე მონიშნული იყო“, — აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.

„ჩემი ხმა” საუბრობს ასევე წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და „ქირაობის” ცნობებზე, რაც მათი თქმით, გაყალბების სქემის ნაწილი იყო.

მისიაში ამბობენ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე დღის მანძილზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა, რაც მოიცავდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უბნებიდან გაძევებას საფუძვლის გარეშე, რაშიც ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციაც იყო ჩართული. ეს ყველაფერი კი პროცესზე დაკვირვებას უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელს ხდიდა.

„თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ ჟურნალისტებიც. საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას არ გამოვლენილიყო გაყალბების სქემები და საზოგადოებას არ ჰქონოდა ინფორმაცია მათ შესახებ”, — ამბობს „ჩემი ხმა”.

საარჩევნო უბნებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მიუთითებენ ასევე აგრესიულობით გამორჩეული პირების, კრიმინალური ჯგუფების კონცენტრაციაზე ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის განსახორციელებლად.

„დღის განმავლობაში არც საარჩევნო ადმინისტრაცია და არც სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებდნენ კანონის დარღვევის უხეშ ფაქტებზე. აშკარად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არჩევნების გაყალბებაში ჩართულ პირებს ჰქონდათ გარანტიები, რომ კანონსაწინააღმდეგო, ხშირად დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მათი პასუხისმგებლობის საკითხს არავინ დააყენებდა.

მმართველი პარტიის მიერ უბნებთან ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩევლების უპრეცედენტო მობილიზაცია. ამომრჩევლებზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა. იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის, მათ სოციალურ თუ სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამომრჩევლების დიდი ნაწილი ფაქტობრივად მმართველი პარტიის მძევალი იყო”, — ამბობენ სადამკვირვებლო მისიაში.

„ჩემი ხმა“ ეხება ასევე საზღვარგარეთის უბნებსაც, სადაც მისიის თქმით, პროცესის მიზანმიმართული კოლაფსი შექმნა უბნებზე არასაკმარისმა სივრცემ და რეგისტრატორების ნაკლებობამ. ხოლო ამომრჩეველთა ნაწილმა საათობით რიგში დგომის გამო ხმის მიცემა ვერ მოახერხა.

22:30 საათის მდგომარეობით:

  • მარკირების განუხორციელებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტების შესახებ  347  შეტყობინება;
  • ხმის მიცემის ფარულობის  დარღვევის  შესახებ – 89  შეტყობინება;
  • დაფიქსირდა უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის  341 შემთხვევა;
  • ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის – 96 შემთხვევა;
  • ასევე, დაფიქსირდა “ჩემი ხმის” დამკვირვებლების დაკვირვების უფლების შეზღუდვა – 163 შემთხვევა.

მისიის თქმით, დარღვევების მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული ოლქები იყო მარნეულის, ბოლნისის, ქარელის, გორის, კასპის, ხაშურის, სენაკის, გარდაბნის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ქობულეთის, საგარეჯოს, ბათუმის, თელავის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ახალციხის, მცხეთის, ახალქალაქის, რუსთავის, გლდანის, ისნის, სამგორის, ხარაგაულის საარჩევნო ოლქები.

სისტემური დარღვევები, რომელზეც მისიაში საუბრობენ:

  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა ქარელის, ბათუმის, თელავის, ხაშურის, ბოლნისის, სენაკის, გორის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარნეულის, ქობულეთის, საგარეჯოს, ახალციხის, კასპის, მცხეთის საარჩევნო ოლქებში;
  • ვერიფიკაციის პროცესის მართებულობისა და რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შეუძლებლობა – გურჯაანის, სიღნაღის, რუსთავის, გარდაბნის, სამტრედიის, ჩუღურეთის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ისნის, სენაკის საარჩევნო ოლქებში;
  • ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემა ან/და ყუთში მოთავსება –  გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, რუსთავის, ბათუმის, სენაკის, ლაგოდეხის, თბილისის, ბათუმის,  ხელვაჩაურის, ქობულეთის, მესტიის, ახალციხის, ასპინძის, გორის, ქარელის, ხაშურის საარჩევნო ოლქებში;
  • სხვის ნაცვლად და განმეორებით ხმის მიცემა – მარნეულის, გარდაბნის, ზუგდიდის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, სამგორის საარჩევნო ოლქებში;
  • ფიზიკური ძალადობა – მარნეულის, გლდანის, ისნის, მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში;
  • ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი – ხარაგაულის, ჭიათურის, ახალქალაქის, ხაშურის, მცხეთის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გორის საარჩევნო ოლქებში;
  • გადასატანი ყუთისა და ბიულეტენების დაზიანება – ვაკის, საბურთალოს, სამგორის, ოზურგეთის, რუსთავის, ხაშურის საარჩევნო ოლქებში;
  • მარკირების დაუცველობა – გლდანის, ისნის, სამგორის, მარნეულის, კასპის, გორის, ზუგდიდის, მარნეულის, ბათუმის, მცხეთის საარჩევნო ოლქებში;
  • აგიტაცია კომისიის წევრების მხრიდან – გორის, მარნეულის, ბოლნისის, ახალქალაქის, გარდაბნის, ქუთაისის საარჩევნო ოლქებში;
  • დამკვირვებლების საქმიანობის ხელშეშლა და მათი გაძევებამარნეულის, სენაკის, გარდაბნის, ქობულეთის, საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში;

საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მისიის ფარგლებში დაწერილია 244 საჩივარი და გაკეთებულია 183 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

“ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. მისია აერთიანებდა 2000-მდე ადამიანს. მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაკვირვებაში ჩართული იყო 200-მდე მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, აგრეთვე ცესკოში აკვირდებოდნენ. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობდა 133 მობილური ჯგუფი.

მასალების გადაბეჭდვის წესი