ნიუ-იორკში ემიგრანტები გახსნილ საარჩევნო უბანთან საათობით დგანან რიგში. ისინი უკმაყოფილონი სხვა გარემოებებითაც არიან.
ამასთან ერთად, უბნის დახურვამდე ერთი საათით – ადგილობრივი დროით შვიდზე – უბანთან კვლავაც დგას რიგში, სულ მცირე, ასობით ადამიანი. ისინი სკანდირებენ – „საქართველოს გაუმარჯოს!“.
„საშინელებაა. ვერც გამოვხატავ ემოციას, ისეთი კატასტროფაა. ეს იყო… ჩვეულებრივად სხვენშია რაღაც ოთახი და შიგ დგას 200 კაცი! მიიღებენ თუ არა ხალხს, ეგაა საკითხავი. რეგისტრატორი ზის ხუთი ადამიანი, არის კატასტროფა. ქაოსია ყველა მხრივ, არაფერია კანონიერი“, – ამბობს შორენა ვრეშეტოკი.
თითქმის 8 საათი იდგა რიგში გიორგი კაპანაძე. „შევძელი ხმის მიცემა, მაგრამ დილის 9-ზე მოვედი. პირველ რიგში, ეს ხელოვნურად არეული სიებია. ორი რეგისტრატორი ამდენ ხალხზე, რომ ყველაფერი გაიწელოს და რაც შეიძლება ნაკლებმა დააფიქსიროს მხარი, ყველა ძირითადად ოპოზიციის ამომრჩეველია. 45 წუთი ვეძებდი თავს სიაში. ყველა ასეა, ელოდება დილიდან“, – აცხადებს იგი.
„დღეს ხმა ვერ მივეცი. 4 საათი ვიდექი რიგში. რატომ არ მომეცა ხმის მიცემის უფლება?! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო… გულწრფელად მინდოდა ჩემი ხმის დაფიქსირება და შემრჩა ეს 4 საათი ფეხში დგომა, დაღლილ-დაქანცული მივდივარ სახლში და უკმაყოფილო ვარ. სიაში არ აღმოვჩნდი“, – გვეუბნება ვაკონა გაბედავა. იგი ხაზს უსვამს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე [რაც აუცილებელია ხმის მისაცემად] ამერიკაში ჩასვლის დღიდან იდგა – ანუ, უკვე 17 წელი.