ჟურნალისტი და „რადიო თავისუფლების“ ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი თავის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი არ იქნება და ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა.
„საპარლამენტო არჩევნებზე ხშირად საუბრობენ. ბოლო დღეებში ვესაუბრებოდი დიპლომატებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
მითხრეს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის არსებობს საკმარისი რაოდენობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის. საუბარია 55%-ზე, რაც ევროკავშირის საზოგადოების 65%-ს წარმოადგენს. ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნება ძალადობა.
ევროკავშირს ამის გაკეთება არ უნდა, მაგრამ განხილულია ყველა სცენარი. ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება არა მხოლოდ არჩევნების, არამედ შემდეგ დღეებსაც და ელის, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება.
ვიზალიბერალიზაციის გარდა, ოფიციალურად განიხილება სანქციები“, – ამბობს იგი [„ტვ პირველის“ თარგმანი].
