ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, პრაღაში ბრუნდება.
ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა.
ჟურნალისტი ფიქრობს, რომ თბილისის აეროპორტში 34 საათის განმავლობაში უკანონოდ იყო დაკავებული.
„თბილისის აეროპორტში 34-საათიანი უკანონო დაკავების შემდეგ, გარე სამყაროსთან თითქმის ყოველგვარი კავშირის გარეშე, ახლა უსაფრთხოდ ვარ ვარშავის აეროპორტში.
დამწუხრებული ვარ საქართველოს დატოვების გამო. ეს არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახლა პრაღაში მივემგზავრები იმ იმედით, რომ სხვების დახმარებით შევძლებ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას“, – დაწერა ჟურნალისტმა.
რეი ბეისლი საქართველოში წარსულშიც ყოფილა. მათ შორის აქტიურად აშუქებდა გაზაფხულზე თბილისში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.