პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი და გუნდის მოსაზრებით, არსებულ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრობა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

გახარიამ ეს განცხადება „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა. ყოფილ პრემიერს ჰკითხეს, რამდენად განიხილავს ზურაბიშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რაზეც გახარიამ უპასუხა:

„ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით. ასე მარტივად არ ხდება, მისი ნებაც გასათვალისწინებელია. არ ვიცი, მას უნდა თუ არ უნდა, მაგრამ [ოპოზიციაში] ამ იდეაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია“.

მისივე თქმით, დღეისთვის საქართველოს მთავარი ამოცანაა ევროინტეგრაციის პროცესის განახლება, „ამ მიზნის მისაღწევად კი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა“.

თავად სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჰყავს ტექნიკური მთავრობის (რომელიც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მისი ქართული ქარტიის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს) პრემიერობის კანდიდატი, თუმცა სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.