სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით დამაჯერებელი ფეიქ-ჩანაწერები, რომლის შესახებაც დღეს სუს-მა განაცხადა, ჯერჯერობით ვერ იქმნება.
ასე ეხმაურება ქემოკლიძე სუს-ის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ყალბი აუდიო-ვიდეომასალის გავრცელება იგეგმება.
„წავიკითხე ჩემი ყოფილი კოლეგების განცხადება. ძალიან ზოგადია და, რაც ცუდია, პოლიტიკურად მიკერძოებულია პათოსიდან გამომდინარე. ერთი, რაც გადაჭრით შემიძლია ვთქვა – დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად ისეთი პროდუქტის (ვიდეო/აუდიო) შექმნა, რომელიც საბაზისო ექსპერტიზით მალევე არ იდენტიფიცირდება, როგორც ხელოვნურად მანიპულირებული პროდუქტი, უბრალოდ შეუძლებელია!
მე არ ვიცი, რისი ეშინიათ (ან ეშინიათ კი საერთოდ) „ოცნების“ „გენიოსებს“, მაგრამ AI-ის გამოყენებით ასეთი, ღრმად დაჯერებადი პროდუქტები ჯერჯერობით ვერ იქმნება. ე.წ. Deep Fake, ცხადია, გამოწვევაა, მაგრამ AI ჯერჯერობით არ იძლევა იმის საშუალებას, პროდუქტი ისეთ მაღალ ხარისხში იქნეს დამუშავებული, რომ დაიფაროს მისი ხელოვნურად მანიპულირება“, – წერს ქემოკლიძე Facebook-ზე.
