ახალი ამბები

მერების შეთანხმება CO2-ის შემცირებისთვის

21 ოქტომბერი, 2010 • • 1369
მერების შეთანხმება CO2-ის შემცირებისთვის

თბილისი ,,მერების შეთანხმების’’ შესახებ პირველ საერთაშორისო ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს.  ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობლებს შორის, თბილისი პირველი დედაქალაქია, რომელმაც  ,,მერების შეთანხმებას’’ ხელი მოაწერა. შეთანხმება ქვეყანას გარემოში CO2-ის 20%-ით შემცირებას ავალდებულებს.

,,მერობის შეთანხმების’’ შესახებ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 45-მდე ქალაქის 150 წარმომადგენელი ეწვია. როგორც თბილისის მერმა გიგი უგულავამ კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, ორი დღის განმავლობაში სხვადსხვა დედაქალაქის თვითმმართველობების წარმომადგენლები, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე გასატარებელ ღონისძიებეზე ისაუბრებენ.

,,ყველაფერი დადის თითოეული ადამიანის შეგნებაზე. ამიტომ მთავარი ამოცანაა, რომ  ჩვენს საზოგადოებას ამ მნიშვნელოვანი მომენტების დანერგვის  პრაგმატული საჭიროება დავანახოთ’’, – ამბობს გიგი უგულავა.

ევროკავშირი და პარტნიორი ორგანიზაციები ,,მერობის შეთანხმებაზე’’ ხელმომწერ ქვეყნებს პროექტების განხორციელებაში დაეხმარებიან, რისთვისაც ისინი გარკვეულ თანხებს გამოყოფენ. თანხები გამოიყოფა დედაქალაქის ბიუჯეტიდანაც.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა ჯერ დამუშავების სტადიაშია, ამიტომ განსახორციელებელი პროგრამების ბიუჯეტი ჯერ განსაზღვრული არ არის.

კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფრანგული კომპანია საქართველოში ელექტრო-საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით კვლევას ატარებს. კვლევა მომავალ წელს დასრულდება. ქალაქის მერის ახალი ინიციატივით, თბილისში დაგეგმილია ახალი ელექტროტრანსპორტის – თანამედროვე ტრამვაის ამუშავება.

,,ეს იქნება დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან დავიწყოთ საუბარი და  ტრანსპორტის ამ სახეობის დანერგვისათვის, თანხა მოვიზიდოთ. ამ სახეობის ტრანსპორტის ამუშავება ნიშნავს დიზელის ტრანსპორტის შემცირებას ქალაქში, ეს კი – CO2 გამოყოფის შემცირებას’’, – ამბობს თბილისის მერი.

კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, კლიმატზე აქტიური ზრუნვა საქართველოში უკვე მიმდინარეობს.  ,,ბოლო წლებში ქალაქის მერიასთან ერთად თბილიში ნახევარ მილიონზე მეტი ხე დაირგა,  თბილისში ახლაც მიმდინარეობს გამწვანების აქცია’’, – განაცხადა ხაჩიძემ.

,,მერების შეთანხმებაზე’’  37 ქვეყნის 2000-ზე ქალაქს აქვს ხელი მოწერილი, აქედან ევროკავშირის 21  და სამ არაწევრ დედაქალაქს. ეს მთლიანად 127 მილიონ მოსახლეს შეადგენს და წელიწადში ნაშრორჟანგის ემისიის 132 მილიონი ტონით შემცირებას ნიშნავს.

კონფერენციაზე იმყოფებიან შეთანხმებაზე ხელმომწერი ევროკავშირის ქალაქების, – პარიზის, ვარშავას, ბარსელონას, ლვოვის, – წარმომადგენლები. ასევე მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები: ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა და მსოფლიო ბანკები.

ევროკავშირმა ,,მერობის შეთანხმებას’’ 2 წლის წინათ, 2008 წელს, ჩაუყარა საფუძველი, როდესაც რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქის წარმომადგენლობამ  კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ებრძოლა გადაწყვიტა.

კონფერენცია ევროკავშირის ორგანიზებით იმართება.

თბილისმა ,,მერობის შეთანხმებას’’ 2010 წლის აპრილში მოაწერა ხელი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი