პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირად ნომერს ართმევენ და თავიანთ სიებში მმართველი პარტიის მხარდამჭერებად აფორმებენ.
მორგოშიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების სიაში მხარდამჭერებად ჩაწერილი მოქალაქეების უმრავლესობა მმართველი პარტიის მხარდამჭერი საერთოდ არაა.
ასეთ მაგალითად მორგოშია თავის ძმებს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა პარტიის მხარდამჭერების სიაში ჩაწერეს. მორგოშიას თქმით, მათ შორისაა მისი ერთ-ერთი ძმა, ირაკლი მორგოშია, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერია.
„ამათი [„ქართული ოცნების“] კოორდინატორები რას შვრებიან – მიაქვთ 15-20 კაცის სია, რაშიც რაიონების მიხედვით, არ ვიცი, ამას როგორ ყოფენ, 200-300 ლარს უხდიან შტაბებში და ფულს შოულობს ხალხი. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ეს სიები რომ მიაქვთ, უბან-უბან დადიან და ეუბნებიან, რომ უბრალოდ პირადობა მომეცით და ჩაგწერ და ვისაც გინდა, იმას ხმა მიეციო. ამ 20 და 15 კაციდან 14 და 18 „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აძლევს ხმას.
ყველაზე კომიკური სიტუაციაა ჩემთან უბანში. წარმოიდგინეთ, „ქართულ ოცნებას“ მიტანილი აქვს სია, სადაც ჩემი ორი ძმა, გიორგი და ირაკლი ჰყავთ ჩაწერილი „ოცნების“ მხარდამჭერებად. ფული აქვთ-იქიდან [„ქართული ოცნებიდან“] აღებული და [ეუბნებიან] ეს სიები ხომ მოგიტანეო. იქ [პარტიაში] არ ვიცი, ამას საერთოდ ვინ კითხულობს და ამით ითვლიან მერე ესენი პროცენტებს. ჩემი ორი ძმიდან ერთი საერთოდ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაშია.
ესენი ერთმანეთს ასე აგულიანებენ და მერე გამოდიან ამათი ლიდერები და რაღაც სიგიჟეებს იძახიან. ასე ხდება მასიურად. როგორც შეკრებებზე ძალით მიჰყავთ ხალხი და ბიძინასაც [ივანიშვილს] კი რომ არ უსმენენ და გამორბიან, ასეთი სიები მიაქვთ. თან მასობრივად ხდება ეს, ყველგან დამხვდა, ვეღარც ვითვლი იმდენია და უბრალოდ, ხალხს ეცინება. ფულს შოულობს ხალხი ამათ სიგოიმეში, ესენი კიდევ სხედან და ამ ხალხს ითვლიან თავის ამომრჩევლად, საიდანაც 80% ხმასაც არ აძლევს. წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან“, – განაცხადა კოკა მორგოშიამ.
