ახალი ამბები

“იმედი” უარს ამბობს ოპოზიციის საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვებაზე

10 ოქტომბერი, 2024 •
“იმედი” უარს ამბობს ოპოზიციის საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვებაზე

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედი” უარს ამბობს ოპოზიციური პარტიების საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვებაზე. ამის მიზეზად ის ასახელებს სხვა ტელევიზიების – “მთავარი არხის”, “TV პირველისა” და “ფორმულას”-  გადაწყვეტილებას, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინის ომზე მმართველი პარტიის პროპაგანდისტული რეკლამის გაშვებაზე.

“იმედში” ამბობენ, რომ იქამდე, სანამ ეს ტელევიზიები არ გაუშვებენ “ქართული ოცნების” სარეკლამო ვიდეორგოლს, ისინიც აღარ გაუშვებენ ოპოზიციური არხების რეკლამებს.

განახლება: “იმედის” შემდეგ, იმავე შინაარსის გაცხადება გააკეთა კიდევ ერთმა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-მ.

“მიუხედავად იმისა, რომ “ტელეიმედს” აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა – არ დაუშვას “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს. ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების საფუძველი რეკლამების განთავსების თუ მის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით […]

სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს”, – აცხადებენ ტელეკომპანია “იმედში”.

გუშინ, 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხს”, “TV პირველსა” და “ფორმულას” მორიგი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საჩივრის ავტორი ამჯერადაც “ქართული ოცნება” იყო.

საუბარია მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლსა და სააგიტაციო ბანერებზე, რომლებშიც უკრაინაში მიმდინარე ომის საარჩევნოდ მხარდაჭერის მოპოვების ინსტრუმენტადაა გამოყენებული. “ქართულმა ოცნებამ” ტელევიზიებს მიმართა, აღნიშნული ვიდეორგოლი, როგორც უფასო წინასაარჩევნო რეკლამა, ეთერში გაეშვათ. “მთავარმა არხმა”, “ფორმულამ” და “TV პირველმა” ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე უარი თქვეს.

ტელევიზიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ არ აპირებენ ხელი შეუწყონ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ტელევიზიების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

ტელევიზიებისგან უარის მიღების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” მათ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა კომუნიკაციების კომისიაში. ტელევიზიები ასაბუთებდნენ, რომ აღნიშნული “რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას”. კომისიამ არ გაიზიარა მათი არგუმენტაცია პროპაგანდისა და შუღლის გაღვივების ნაწილში. რაც შეეხება არაეთიკურობას, კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ “აღნიშნული არ წარმოადგენს მაუწყებლის შეფასების საგანს”.

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების” საჩივარი და “მთავარ არხს”, “ტელეკომპანია პირველს” და “ფორმულას” ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. ახლა საქმე სასამართლოს გადაეცემა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჯარიმის ოდენობა კომისიის დადგენილი სამართალდარღვევისთვის.

კომისიას აქამდეც არაერთხელ დაუდგენია დარღვევა ამ ტელევიზიებისთვის. მიზეზი აქამდეც “ქართული ოცნების” საჩივრები იყო. მმართველი პარტია ტელევიზიებს ედავებოდა როგორც საკუთარი რეკლამის არგაშვებას, ისე ოპოზიციური პარტიების რეკლამის გაშვებას. 


26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, სადაც “ქართული ოცნება” ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის ვიდეორგოლი.

პროპაგანდისტულ ბანერებსა და ვიდეორგოლს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათ “კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული” და სამარცხვინო უწოდა. საკითხს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

“ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი საქართველოში მშვიდობის ფასიც არის”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უკრაინაში მიმდინარე ომის თემის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი