“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპის ეთერში არგაშვების გამო “მთავარი არხი” 5 000 ლარით დაჯარიმდა.
საქმე ეხება მმართველი პარტიის ვიდეორგოლს, სადაც “ოცნება” საკუთარი თავის ალტერნატივად ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს. პირველი “ბნელ წარსულად” არის მოხსენიებული, მეორე კი – “მორალურ გადაგვარებად”.
მთავარმა არხმა ჩათვალა, რომ აღნიშნული რეკლამა არღვევს “მაუწყებლობის შესახებ”კანონს სიძულვილის ენის წახალისება/აკრძალვის ნაწილში. ასევე, “რეკლამის შესახებ” კანონის იმ ნაწილის, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო რეკლამა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ, ან მისი კონკურენტი პარტიის საწინააღმდეგოდ.
მაუწყებლის იურისტი, თამთა მურადაშვილი განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” ვიდეორგოლი სამოქალაქო სექტორის საწინააღმდეგო გზავნილებსაც შეიცავდა. სწორედ ამ ნაწილის გამო თქვა არხმა უარი მის განთავსებაზე. მათ “ქართულ ოცნებას” ვიდეორგოლის დაკორექტირება, ან ჩანაცვლება მოსთხოვეს.
“ქართულმა ოცნებამ” არ მიიღო “მთავარი არხის” უარი და მას კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. კომუნიკაციების კომისიის სხდომა გუშინ, 11 სექტემბერს გაიმართა. უწყებამ დააკმაყოფილა მმართველი პარტიის საჩივარი და “მთავარ არხს” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
“[კომისიამ] მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეორგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებელი ვალდებული იყო ის ეთერში განეთავსებინა”, – ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“მთავარმა არხი” კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების გაასაჩივრებას აპირებს.
“ეს კლიპი, კონკრეტული ნაწილი, რომელიც არის სადავო, ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ, სამიზნედ არიან ამოღებული მოქალაქეები, კერძოდ- სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური სუბიექტები, არც ცესკო-ში რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, არ იღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას. ხოლო კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი”, – განმარტავს მაუწყებლის იურისტი, თამთა მურადაშვილი.
სამოქალაქო სექტორის წევრებს შორის, რომელიც “ქართული ოცნების” კლიპში “მორალურ გადამგვარებლებადაა” წარმოჩენილი, გვხვდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. ორგანიზაციის იურისტი, თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ვიდეორგოლში ასახულია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაცია. ზაქარაშვილის შეფასებით, ეს არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ არღვევს მაუწყებლისა და რეკლამის შესახებ კანონებს.
განახლება: სამართალდარღვევა კომუნიკაციების კომისიამ 11 სექტემბერს დაადგინა, რომლის საფუძველზეც 5000-ლარიანი ჯარიმა სასამართლომ 13 სექტემბერს გამოსცა. ამავე დღეს, კომისიამ სამართალდარღვევა დაუდგინა “ფორმულასა” და “TV პირველს”. შესაბამისად, სტატიის გამოქვეყნების მომენტში ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობდა.