ახალი ამბებისაზოგადოება

ხელს არ შევუწყობთ „ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელების დაცინვას — ტელევიზიების ერთობლივი განცხადება

5 ოქტომბერი, 2024 •
ხელს არ შევუწყობთ „ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელების დაცინვას — ტელევიზიების ერთობლივი განცხადება

ტელეკომპანიები, „მთავარი არხი“, „ტვ-პირველი“ და „ფორმულა“ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მოთხოვნისა და მუქარის მიუხედავად, არ აპირებენ ეთერში გაუშვან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერები და ვიდეორგოლები, სადაც ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული უკრაინის კადრებია გამოყენებული.

“ქართული ოცნება” აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.

ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე – ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის “აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია “ქართული ოცნების” ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს“, — ნათქვამია ტელეკომპანიების ერთობლივ განცხადებაში.

რა ხდება?

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, სადაც “ქართული ოცნება” ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის ვიდეორგოლი.

ჰიპოთეზურ საფრთხეებზე აპელირება და ამ საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გარანტად საკუთარი თავის წარმოჩენა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. განსაკუთრებით – წინასაარჩევნო პერიოდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი