ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, არჩევნების დღეს საკოორდინაციო პლატფორმას მოაწყობს

7 ოქტომბერი, 2024 •
პრეზიდენტის თქმით, არჩევნების დღეს საკოორდინაციო პლატფორმას მოაწყობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების დღეს მის რეზიდენციაში, ორბელიანების სასახლეში, საკოორდინაციო პლატფორმას მოაწყობს.

სახელმწიფოს მეთაურმა დღევანდელ, 7 ოქტომბრის ბრიფინგზე ისაუბრა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე ხმების დაცვასთან დაკავშირებით  და არჩევნებზე ამომრჩევლის მიზიდვაზე .

„მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან, არის მობილიზაცია – ყველას მისვლა [არჩევნებზე]. ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე. [რათა] არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ. დამოუკიდებლობა დავიცვათ. დავიცვათ მისი ევროპული მომავალი. ეს ჩვენს ხელშია.

არჩევნების დღეს ამ სასახლეში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერს, რაც მოხდება, და ერთად გამარჯვებაც ვიზეიმოთ. ყველა არჩევნებზე!“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმისმიცემაში შეშლაში სხვადასხვა უწყება, მათ შორის ცესკო მონაწილეობდა, თუმცა ახლა მათი პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა.

„პირველ რიგში, მინდა ყურადღება მივაპყრო ჩვენს დიასპორას, რომელიც ძალიან გააქტიურდა ამ დღეებში რეგისტრაციაზე. ყველა უწყება – ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულოები, ყველა იყო ჩართული იმაში, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო. მაგრამ, მაინც შეძლო დიასპორამ, რომ დიდი რაოდენობით ჩაწერილიყო აღრიცხვაზე.

ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ ეს უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ სადმე არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ შეძლონ დარეგისტრირებულმა ადამიანებმა ხმის მიცემა იმ პერიოდსა და დროში, რაცაა განკუთვნილი არჩევნებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება“, – ამბობს ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი