ახალი ამბები

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს – ჰერჩინსკი

4 ოქტომბერი, 2024 •
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს.

როგორც ელჩმა განაცხადა, 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სამიტზე ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლიდერები საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ.

„ამ მომენტში გიმეორებთ, რომ ჩვენი კარი გაიღო. ევროპული საბჭოა ის, ვინც გადაწყვიტა მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პირობებით. ეს პირობები უნდა შესრულდეს. მე მართლა გული მწყდება, რომ საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და მივედით იმ წერტილამდე, როცა ევროპული საბჭო იძულებული გახდა, შეეჩერებინა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში.

თუმცა ისევ ვამბობ, ჩვენ გელოდებით. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და ხმას მისცემთ 26 ოქტომბერს და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ძალიან სწრაფად განაახლებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, რათა ევროკავშირის მორიგი დიდი გაფართოების მატარებელმა არ გაგვასწროს, ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროპული საბჭო ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკურ ორგანოა და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს.

ივნისში ევროპული საბჭოს დროს ლიდერები მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში ცვლილების საშუალებით არსებულ მოქმედებათა კურსში, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებისკენ მიჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი