2025 წელს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ დანართის თანახმად, 2025-2028 წლებში ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 562 მილიონ 130 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტისთვის 2024 წელს 50 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, 2025 წელს – 150 მილიონი, 2026 წელს – 180 მილიონი, 2027 წელს – 125 მილიონი და 2028 წელს – 57 მილიონ 130 ათასი.
დოკუმენტის თანახმად, პროექტის მოსალოდნელი შუალედური შედეგი წყლის ნაგებობის („Breakwater” ე.წ. „ტალღისმჭრელი“) მშენებლობა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების („Dredging”) განხორციელებაა.
„პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, წინასწარი გათვლებით, პორტმა უნდა მიაღწიოს დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობა წელიწადში. ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებ 16 მეტრამდე დაღრმავება“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
2024 წლის პირველ აგვისტოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul შეასრულებს, რომელიც საერთაშორისო ტენდერით შეირჩა.
როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის წილის 51%-ს სახელმწიფო ფლობს, ხოლო 49%-ს და პორტის ოპერირების უფლებას -კერძო პარტნიორი, რომელიც აშშ-ში სანქცირებული ჩინური კომპანიაა.