ახალი ამბებირეკლამა

შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

2 ოქტომბერი, 2024 •
შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აგრძელებს შემეცნებით ტურებს, რომლის ფარგლებშიც სსე-ის სათავო ოფისს თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

უფროსკლასელებს პრეზენტაციები ჩაუტარდათ, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე. საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.

მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

შემეცნებითი ტურის ფარგლებში უფროსკლასელები ასევე ესტუმრნენ ქვესადგურს „ნავთლუღი 220“, სადაც მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურებს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. შემეცნებითი ტურები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი