“მე პირადად მზად ვარ, ამ ბრძოლას თავი შევწირო. 33 წლის ვარ და თუ რამეს ვერ გავაკეთებ, მაგალითად მაინც დავრჩები ჩემი ქვეყნისთვის, როგორ უნდა შეეწიროს ადამიანი სიმართლეს და არ გაიყიდოს” ,- ამბობს გიორგი ბიწაძე შუქრუთიდან, რომელსაც 7 დღეა პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უკვე 6 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ადგილობრივებს მაღაროს შესასვლელი აქვთ დაკავებული და აქვე დადგმულ კარავში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ათენებენ და აღამებენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
1 სექტემბერს ოთხმა შუქრუთელმა პირი ამოიკერა, მათთან ერთად კიდევ ხუთი ადგილობრივი შიმშილობს. პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, ხელისუფლება მათ არ ელაპარაკება. 11 სექტემბერს ისინი თბილისში ჩამოვლენ და 19:00 საათზე პარლამენტთან გამართავენ აქციას.
ამ სტატიიდან გაიგებთ, რა ხდება შუქრუთში და რას პასუხობს “ჯორჯიან მანგანეზი” ადგილობრივების ბრალდებებს.
“2017 წლამდე სოფლის ტერიტორიაზე ერთადერთი მაღარო ფუნქციონირებდა. “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური სახელმწიფო მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ სოფელში ახალი ცამეტი გვირაბი გაიხსნა და, ჯამში, 14 გვირაბი გახდა.
ეს არ იკმარეს და ორ ლოკაციაზე ღია კარიერული წესით დაიწყეს მადნის მოპოვება. ამან ორ წელში შესამჩნევი შედეგები გამოიღო. თვალშისაცემია მიწაში ნაპრალების გაჩენა, სახლების დაზიანება, ზოგი სახლი შუაზე გაიხლიჩა, ზოგი მთლიანად დაინგრა, ზოგ სახლში ბზარებმა მოიმატა. ნგრევის შეუქცევადი პროცესი დაიწყო ჩვენს სოფელში” ,- ამბობს გიორგი ნეფარიძე.
მისივე თქმით, რეალურად არსებობს იმის საშიშროება, რომ შოვში და ითხვისში მომხდარი ტრაგედია შუქრუთში განმეორდეს:
“არცერთი ექსპერტი არ მოსულა და არ დაუდია დასკვნა, შეიძლება თუ არა სოფელში ცხოვრება. 13 სექტემბერს ექვსი თვე ხდება, რაც კარავში გვიწევს ცხოვრება და აბსოლუტურად არავინ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემით. “
შუქრუთელები მიყენებული ზარალის ანაზღაურებას უკვე წლებია ითხოვენ. გიორგის თქმით, რაც კომპანიამ დაუზიანათ, ანალოგიური საცხოვრისი გარემო და პირობები უნდა შეუქმნან სხვა, უსაფრთხო გარემოში, სადაც ეცოდინებათ, რომ იმავე საფრთხის წინაშე არ დადგებიან:
“ამ მოთხოვნაში, მგონი, არაფერი უკანონო არ არის და 2019 წლიდან დღემდე, სამწუხაროდ, უშედეგოდ ვითხოვთ ამ პროცესებში ცენტრალური მთავრობის ჩართვას. ყველანაირად თავს არიდებენ ამ პასუხისმგებლობას, თითქოს ჩვენი გადამისამართება უნდათ, რომ კერძო კომპანიაა, კერძო ინვესტორია.”
კიდევ ერთი შუქრუთელი, გიორგი ბიწაძე ფიქრობს, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” სოფლის უფუნქციოდ დატოვებას ცდილობს:
“მათი სამუშოების გამო 8 წლის წინ აშენებული ეკლესიის გუმბათი დაბზარულია, თავზე გვენგრევა. ჩვენი ბებიებისა და ბაბუების საფლავები ისეთ დღეშია, რომ ზოგი ჩავარდნილია, ზოგი შუაზეა გახსნილი. ყველანაირად ცდილობენ, რომ სოფელი დატოვონ უფუნქციოდ, რომ მერე ხელი აღარ შეეშალოთ მადნის ვანდალურად მოპოვებაში.
კაი, მე გადავსახლდები, მაგრამ აღარ მინდა იგივე ჩემმა შვილმა განიცადოს. 2 წლის შვილი მყავს. სადაც არ უნდა წავიდე, ის ადგილი ხომ ყოველთვის გამახსენდება, სადაც ვცხოვრობდი? მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. ჩემს შვილს ისეთი ცხოვრება მინდა ჰქონდეს, რისი გადატანაც მე მიწევს, მასაც რომ არ მოუწიოს იმავეს გადატანა. “
იმავე აზრზეა გიორგი ნეფარიძე. მისივე თქმით, კომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ ხმის ამომმღები ადამიანი არ დარჩეს იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ჯორჯიან მანგანეზი აკეთებს.
“ მხოლოდ სოფელ შუქრუთზე არაა საუბარი, ათობით სოფელი გაასწორეს მიწასთან და ჩვენი მაგალითი უნდა გამოიყენონ ყველასთვის იმის საჩვენებლად, რომ აი, არანაირ ბრძოლას, ხმის ამოღებას აზრი არ აქვს, ამდენი იწვალეს ადამიანებმა, ამდენი წელი შეალიეს და არაფერი არ გამოუვიდათ.
ალბათ, ჩვენი მაგალითის ჩვენება უნდათ დანარჩენი მოსახლეობისთვის, რომ ხმის გამღები და შემწინააღმდეგებელი არ ჰყავდეთ”, – ამბობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა ყველანაირად სცადეს, თუმცა სოფლის გაჭირვებასა და პრობლემაზე არავინ რეაგირებს.
სანაცვლოდ რეაგირებს “ჯორჯიან მანგანეზი”, რომლის ქვეკონტრაქტორმა შპს “მაღაროელმა” პროტესტში მონაწილე სამი ადგილობრივი, გიორგი ცარციძე, რომან მეგრელიშვილი და მალხაზ ლაბაძე, სამსახურიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება 6 სექტემბერს მიიღეს.
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანების თანახმად:
- დასაქმებულმა ჩაიდინა ქმედება, რომელიც მიმართულია კომპანიის სამუშაო პროცესის შეფერხებისა და ზიანის მიყენებისაკენ.
- დასაქმებულის მიერ ჩადენილი კომპანიის სამუშაო პროცესის შეფერხების ფაქტი, მათ შორის, იკვეთება 2024 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების შეტყობინებით;
- დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს მის მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას;
- დასაქმებულის ქმედებ(ებ)ი სპობს დამსაქმებლის ნდობას დასაქმებულის მიმართ;
- ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შეუძლებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება.
2 თვით ადრე კომპანიამ ანალოგიური მიზეზით ასევე გაათავისუფლა გიორგი ბიწაძე და ჯუმბერ ცუცქირიძე.
“მე მანგანეზიდან გამათავისუფლეს. აქ არ მოდიხარ და ჟურნალისტებთან ურთიერთობის დრო ხომ გაქვსო? მეუღლეც წამოვიდა სამსახურიდან, რადგან სამსახურში რომ ვიყავი, ისე გვქონდა გადანაწილებული, რომ ბავშვს ხან მე ვხედავდი, ხან ის. ისიც წამოვიდა და დავრჩით ასე, ჰაერში. არავინაა ჩვენი მომკითხავი. ერთი სახლი გვაქვს და ისიც დანგრეულია, ფაქტობრივად, და ცხოვრება გაუსაძლისია” ,- ამბობს გიორგი ბიწაძე.
შუქრუთელების თქმით, სახლებთან ერთად ამ პროცესმა არც სკოლა დაინდო და ის ნგრევის ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებმა სხვა სოფლის სკოლაში უნდა იარონ:
“ამ სოფლის სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩემი შვილის შეყვანასაც აქ ვაპირებდი. ექსპერტიზისგან მოვიდა პასუხი, რომ სკოლა ნგრევის ზონაშია. ყველანაირად ცდილობენ, რომ სოფელი გახადონ უფუნქციო, მერე რომ ხელი აღარ შეეშალოთ მადნის ვანდალურად მოპოვებაში”, – აღნიშნავს გიორგი ბიწაძე.
“ჩემი პატარა შვილი კარავში წევს და აქ სძინავს. წელს სკოლა ვეღარ განაგრძობს მუშაობას, ვეღარ მიიღებს მოსწავლეებს. რატომ ცდილობს ეს კომპანია, რომ ჩვენს ქვეყანაში დევნილებად გვაქციოს? ყველას ვთხოვთ, სახელმწიფო მმართველი იქნება, ეკლესია იქნება თუ ვინმე ზემდგომი პირი, ჩაერთოს ამ საქმეში, შეგვიცოდონ და მოგვცენ იმის საშუალება, რომ ამ ორი წლის ბავშვებით ასე გზებზე გამოკიდებული და გამწარებული არ ვიყოთ”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი, თამარ თანდაშვილი.
ხანგრძლივი პროტესტის განმავლობაში ადგილობრივი ქალები და კაცები ერთმანეთს გვერდს უმაგრებენ.
“გამეტებული გვაქვს თავი, ვზივართ აქ. როდემდე ვიქნებით ასე? ალბათ, უსასრულოდ. ბიჭებმა პირი ამოიკერეს, ჩვენც, ქალები ამ დღეში ვართ, ზოგი შიმშილობს, ზოგი აწი აპირებს შიმშილობას და პასუხს არავინ გვცემს. რას გვედავება ეს კომპანია, ამ ჩვენ შექმნილ ქონებას? რა უნდათ, რას გვთხოვენ, არ ვიცი.
ჩემს გონებას ვერ ვუთავსებ იმას, რომ რაც შევქმენი და ვიწვალე, რატომ უნდა წამართვას ვიღაცამ და მე, ამ ასაკის ქალი დავრჩე გარეთ?! სად წავიდე? სახლი არ მაქ, კარი არ მაქ. სად უნდა გავათიო ღამე? რამდენი გაწვიმდება, მეშინია, რომ აი, ახლა ჩამოზვავდება მიწა, ძირს ჩავვარდებით და მოვყვებით მთელი სოფელი.”
გიორგი ნეფარიძის სიტყვებით, კომუნისტები ეკლესია-მონასტრებს თეთრად ღებავდნენ, ანგრევდნენ და იმათაც კი არ უკადრებიათ ის, რომ ტაძრებისა და საფლავების ქვეშ მადანი მოეპოვებინათ:
“ ამათთვის წმინდა აბსოლუტურად არაფერი არსებობს. ამათი ერთადერთი სიწმინდე და ინტერესი არის მატერიალური კეთილდღეობა.”
როგორც გიორგი ბიწაძე ამბობს, სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა ადგილობრივების პროტესტის გაშავებას არაერთხელ შეეცადა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ შუქრუთელების უკან რომელიმე პოლიტიკური ძალა არ დგას და მათ გაჭირვება ალაპარაკებთ:
“ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, არ ვართ ვიღაცისგან მართული ხალხი, ჩვენი გასაჭირი გვაქვს, სახლ-კარი გვენგრევა თავზე და საცხოვრებელი აღარ გვაქვს.
მე პირადად მზად ვარ, რომ თავი შევწირო. თუ ისე არ იქნება, როგორც სამართალს შეშვენის და როგორც ჩვენი კონსტიტუცია მოითხოვს, 33 წლის ვარ და დედას გეფიცები, ერთი მაგალითი ვიქნები, ვინც შეეწირება ამ საქმეს.”
პარტიულ პოლიტიკაზე საუბარს ერიდება თენგიზ გაფრინდაშვილიც, თუმცა იმის გამო, რომ მისი პროტესტი არავინ შეისმინა, არჩევნების იმედი აქვს:
“არ მინდა, პოლიტიკურად რომ ვთქვა, ჩვენ გვაქვს იმედები, მაგალითად, 26 ოქტომბრის იმედი. სხვა იმედი რა ვიქონიოთ? მითხარით უკეთესი და ვიქონიებ. 26 ოქტომბრის შემდეგ წუწუნს დაიწყებენ, აბა, სხვანაირად რა იმედი ვიქონიოთ?
ხუთი წელია, რაც ეს პროცესი გრძელდება, ეს მეექვსე აქციაა. ერთხელ რომ შევხვდით, გავუშვით სიტყვიერი დაპირებით, მეორედაც, მესამედაც: ცოტა მოგება გვექნება და აგინაზღაურებთო, მაგრამ ხუთჯერ რომ მოგვატყუებენ, მეექვსედ აღარ უნდა მოვტყუვდეთ. წესით, ასეა, ერთხელ რომ მოგატყუებენ, მეორედ აღარ ენდობიან.”
რას პასუხობს კომპანია ადგილობრივების ბრალდებას?
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში”, რომელიც ადგილზე არსებული საწარმოების მმართველი კომპანიაა, ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვებითი სამუშაოები 1960-იან წლებში დაიწყო და 1990-წლამდე მიმდინარეობდა. სოფლის ქვემოთ გამომუშავება ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, შესაბამისად, მათი ვერსიით, ის, რაც ახლა სოფელს საფრთხეს უქმნის და რის გამოც ჩნდება ბზარები სახლებზე, არის ამ პერიოდის გამომუშავების შედეგი.
კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზს სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე არასდროს უმუშავია.
“შუქრუთის მიმდებარედ მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. ამავე წელს სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ გამოხატა პროტესტი სახლების დაზიანების საკითხზე, რომელიც საბჭოთა პერიოდის გამონამუშევარის შედეგი იყო და არა კომპანიის მუშაობის შედეგი. თუმცა, ადგილობრივების მხრიდან მუდმივი თხოვნის შედეგად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, სოციალურ-ეკონომიკური ფონის შესამსუბუქებლად დაეწყო ადგილობრივებზე კომპენსაციების გაცემა.
ამასთან, შეთანხმება მოხდა მოსახლეობასთან, რომ სამომავლოდ კომპანია სამთო-მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებდა სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე. “
ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში კომპანია აღნიშნავს, რომ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიამ ადგილობრივებთან 2020 წელს გააფორმა მემორანდუმი.
გიორგი ნეფარიძის თქმით, ეს მემორანდუმი სრულიად უკანონოა:
“აქ მდგომი 45 ოჯახიდან არცერთს არ გვაქვს ამ მემორანდუმზე ხელი მოწერილი. სუსმა და კომპანიის მაღალჩინოსნებმა რამდენიმე წამალდამოკიდებული ადგილობრივი გამოიყენეს და სოფლის მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს. ეკითხებოდნენ, თანახმა ხართ, რომ კომპანიამ დაიწყოს მოყენებული ზარალის კომპენსაცია? ამაზე ყველა სცემდა პასუხს, რომ თანახმა ვართ. ეს ხელმოწერები წაიღეს და სულ სხვა განცხადებას, მემორანდუმს დაადეს.
ამ მემორანდუმზე არის ისეთი ადამიანების ხელმოწერა, რომლებიც მემორანდუმის გაფორმების დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ, რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილი იყო და უამრავი ადამიანის ხელმოწერაა, რომლებთანაც საერთოდ არ მისულან და მათი ხელმოწერაა მემორანდუმზე”, – ამბობს ის.
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია” საპროტესტო ჯგუფს რადიკალებს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ადამიანებს კომპენსაცია აქვთ მიღებული:
“რადიკალური ჯგუფის წევრების უმეტესობას, რომლებსაც უკვე 6 თვეა გადაკეტილი აქვთ მაღაროები, საკომპენსაციო თანხები სრულად აქვთ აღებული.
აქციის ორგანიზატორ გიორგი ნეფარიძეს და მის ოჯახს 2021 წელს კომპენსაცია სრულად აქვს აღებული – 96 814 ლარი. შედეგად, დასტურდება, რომ როგორც გიორგი ნეფარიძე, ისე აქციის სხვა მონაწილეები ცდილობენ კომპანიას გამოძალონ თანხები.”
გიორგი ნეფარიძის თქმით, ადგილობრივებიდან მაქსიმუმ 5 პროცენტს აქვს აღებული კომპენსაცია და ეს კომპენსაცია სრულად არ შეესაბამება მიყენებულ ზიანს.
მისივე თქმით, 96 814 ლარი არ აუღია და კომპანიის მიერ “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილი გადარიცხვის დოკუმენტი გაყალბებულია.
“მათი ზარალების სამსახურში მუშაობს ვინმე ნიკოლოზ მირიან ბიჭიკაშვილი, მას სისხლის სამართლის ბრალი ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტების გაყალბებაში. რაღაც აბსურდულ დოკუმენტებს აფრიალებენ, რომლებიც გაყალბებულია.”
კომპანიას განმარტებით, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილზე გაცემულმა კომპენსაციამ დღემდე 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
“სხვადასხვა ოჯახებმა აღებული თანხებით, თბილისსა და ჭიათურაში სახლები შეიძინეს. ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ აუღია თანხა, არიან რიგში. ისინი და სოფლის სხვა მოსახლეობა რომ დღეს კომპენსაციებს ვერ იღებს, არის რადიკალურ ჯგუფის ბრალი, რომელთაც გადაკეტილი აქვს მაღაროები და კომპანიას მუშაობის უფლება არ ეძლევა. შედეგად, კომპენსაციების გაცემაც შეჩერებულია” ,- ვკითხულობთ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.
გიორგი ნეფარიძის თქმით, 2021 წელს, აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციების შემდეგ, ჯორჯიან მანგანეზსა და საპროტესტო ჯგუფს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უნდა მისულიყო და შეეფასებინა სიტუაცია:
“თუ სახლი საფრთხეს არ შეიცავდა, გააგრძელებდი ცხოვრებას, მაგრამ ეს შემოწმება უნდა მომხდარიყო ყოველ 6 თვეში და გადამოწმებულიყო. ხოლო, როცა სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველი იქნებოდა, რა კვადრატული მოცულობისაც იქნებოდა სახლი, დამხმარე ნაგებობები და კარ-მიდამო, ანალოგიური საცხოვრისი და მიწის ნაკვეთი უნდა მოეცათ სხვა, უსაფრთხო გარემოში. ამაზე აიღო კომპანიამ პასუხისმგებლობა და ამ შეთანხმების არცერთი პუნქტი არ შეუსრულებიათ,“, – დასძენს გიორგი ნეფარიძე და აღნიშნავს, რომ ექსპერტი ყოველი 6 თვის ნაცვლად ერთადერთხელ ჩავიდა სოფელში, მაგრამ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მათ თვალითაც არ უნახავთ.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობა უწყვეტი პროტესტის 183-ე დღეს ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოვა. შუქრუთელებმა აქცია 11 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაანონსეს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.