ახალი ამბები

ცენტრალური პარკი – იაფად და მარტივად

20 ოქტომბერი, 2010 • • 2493
ცენტრალური პარკი – იაფად და მარტივად

თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა 2012 წელს დაიწყება. პროექტი, რომლის სამუშაო სახელწოდებაა –მზიური, მზიურისა  და ზოოპარკის არსებული ტერიტორიების გაერთიანებას  და ერთი ცენტრალური პარკის შექმნას გულისხმობს.

ბიუჯეტი, რომელიც თბილისის ცენტრალური პარკის შექმნისთვისაა საჭირო, ჯერ არ არის ცნობილი. თუ რა თანხა გამოიყოფა დედაქალაქის ბიუჯეტიდან მზიურის პარკისთვის, დამოკიდებულია იმ პროექტზე, რომელიც კონკურსის შედეგად იქნება არჩეული.

გიორგი ქორქაშვილი, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნეტგაზეთთან  საუბარში ამბობს, რომ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება:

მზიური
მზიური

„არ იქნება არანაირი ერთ პირთან მოლაპარაკება, გამოცხადდება ტენდერი, რადგან ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მოსაწონი პროექტი, არამედ – ყველასათვის“.

იგი ამბობს, რომ ტენდერს უფრო კონკურსის სახე  ექნება, რადგან მათ შეფასებაში ჩაერთვებიან როგორც უცხოელი, ასევე – ქართველი სპეციალისტები.

რაც შეეხება უცხოელ სპეციალისტებს, პროექტს ორი კონსულტანტი ჰყავს –ზივ ლავი, ურბანული დიზაინერი და იაელ მორია კლაინი, ლანდშაფტის დიზაინერი.

ორივე მათგანი საქართველოდან დღეს გაფრინდა. მათ ტერიტორია დაათვალირეს, შეხვდნენ ქართველ არქიტექტორებს და გაეცნენ პროექტის კონცეფციას, რომელიც ქართულმა კომპანია– ვორქ არქიტექტურამ  მოამზადა.

მათი მთავარი მოვალეობა პროექტის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლების დაწერაა.

„ვთხოვეთ, ტექნიკური დავალების შესრულებაში გაეწიათ დახმარება, რადგან, როცა ტენდერი გამოცხადდება, მოვითხოვოთ ტექნიკურად ის, რაც პარკის შექმნისთვის იქნება საჭირო“, – ამბობს გიორგი ქორქაშვილი.

ანაზღაურება, რომელიც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სპეციალისტებისთვის გამოყვეს, 3549 აშშ დოლარია, ამ თანხაში შედის ბილეთის ღირებულებაც. ეს არის ის ერთჯერადი თანხა, რომელიც მათ გადაუხადეს.

ქორქაშვილი ამბობს, რომ  მატერიალური დაინტერესება მათ არ აქვთ და ის ფული, რომელიც მათ გადაუხადეს, მხოლოდ აქ ჩამოსვლისთვის და ცხოვრებისთვის არის საკმარისი.

ზივ ლავთან მოლაპარაკება, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა პროექტის კონცეფციის გასაცნობად, ინტერნეტის მეშვეობით მოხდა. მანამდე ის ორჯერ არის საქართველოში ნამყოფი და რამდენიმე პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ახლა კი იგი თბილისის ცენტრალური პარკის შექმნისთვის, მის ებრალ კოლეგასთან ერთად, იმუშავებს.

ქორქაშვილი ამბობს, რომ ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი ლავსა და კლაინზე, მათი მიდგომა იყო.

„ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს პროექტი ქალაქის ბიუჯეტს ძალიან დაწოლოდა, რადგან არ იყო საუბარი მხოლოდ 1 და 2 მილიონ ლარზე. მათი მიდგომა იყო ძალიან კარგი, სხვებისგან განსხვავებით, ვინც გვეუბნებოდა, რომ აქ უნდა დახარჯულიყო ძალიან ბევრი მილიონი ლარი. მათ შემოგვთავაზეს მარტივი გზა, თუ როგორ გავაკეთოთ ეს პროექტი მარტივად და მცირე დანახარჯებით“.

რაც შეეხება პარკის შექმნაზე დასახარჯ თანხას,  ყველაზე ძვირი, ქორქაშვილის თქმით, მზიურისა და ზოოპარკის შეერთება დაჯდება. იგი ამბობს, რომ კონცეფციაში რაც დევს, შესაძლოა ტექნიკურად ვერ განხორციელდეს.

„თუ განუსაზღვრელი ბიუჯეტი გაქვს, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ჩვენ გვინდა გამოგვივიდეს იაფად“.

ზოოპარკი, რომლისთვისაც ცოტა ხნის წინათ თბილისის ზღვასთან ახლოს 200 ჰა ტერიტორია  გამოყვეს, შესაძლოა ნაწილობრივ არსებულ ტერიტორიაზე დარჩეს.

ახალი ზოოპარკის პროექტი ჯერ არ არის მზად. ქორქაშვილი ამბობს,  იქიდან გამომდინარე, რომ ზოოპარკს 45 ჰა–დან მხოლოდ 9 ჰა უჭირავს, საწყის ეტაპზე  შესაძლებელია სამუშაოები ზოოპარკიდან არ დაიწყოს.

ასევე არსებობს იდეა, რომ ზოოპარკის ცხოველების გარკვეული ნაწილი პარკში დარჩეს. მაგალითად, მცირე ზომის ცხოველები და ასევე – ფრინველები.

რაც შეეხება ნიუ იორკის ცენტრალური პარკის ანალოგს, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ მედია საუბრობდა, ქორქაშვილი ამბობს, რომ არანაირ ვიზუალურ ანალოგიაზე არ არის საუბარი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რაც შეიძლება ანალოგად ჩაითვალოს,  პარკის ფუნქციონალური დატვირთვაა.

არსებული კონცეფციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარკი 4 ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი – ე.წ. აქტიური ნაწილი, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე იქნება, სადაც კაფე–ბარები, საკონცერტო დარბაზები და სხვა გასართობი ცენტერები განთავსდება.

პარკის მეორე ნაწილი საბავშვო ქალაქ მზიურის ტერიტორია იქნება, რომელიც ყველა ასაკის ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

მესამე ნაწილი– დღევანდელი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია, სპორტული ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.

მზიური
მზიური

ხოლო მეოთხე ნაწილი – ლანდშაფტური, დასასვენებელი ზონა იქნება.

ქორქაშვილის თქმით, გეგმის მიხედვით, მიმდინარე  და 2011 წელს პროექტის ტექნიკური მახასიათებლების მომზადება და  მინიმალური სამუშაოებია გაწერილი, როგორებიცაა სკამების შეკეთება ან ახლის შეძენა, პარკების მოწესრიგება; 2012 წლიდან კი მასშტაბური სამუშაოები დაიწყება, თავდაპირველად – მზიურის ტერიტორიაზე, სანამ ზოოპარკი ადგილს შეიცვლის და ცხოველები თბილისის ზღვის მახლობლად დაიდებენ ბინას.

მასალების გადაბეჭდვის წესი