საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროა თეთრი სახლის გადაწყვეტილება, გააუქმოს პრემიერ ირაკლი კობახიძის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის ორგანიზებულ ტრადიციულ მიღებაზე.
დარჩიაშვილი ამბობს, რომ თბილისი ადრეც, ახლაც და მომავალშიც მზადაა „ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს“, მიუხედავად „ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა“.
„მიგვაჩნია, რომ დიალოგს და აზრების ურთიერთგაცვლას ალტერნატივა არ აქვს. არსებობს საკითხები, რომლებზეც ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა შეხედულება. დიალოგი და პარტნიორობა ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვიცით, როდესაც ღია, გულწრფელი დიალოგია. დიალოგი არის ერთადერთი გზა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ისაუბრონ ურთიერთობების გაღრმავებაზე და განვითარებაზე“, – ამბობს მინისტრი.