საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ნიუ-იორკში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.
„როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. ერთ დღეს თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. უბრალოდ არასერიოზულია ასეთი ქცევა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ჩვენ ადმინისტრაციის მხრიდან ამ ქცევით ვიხილეთ“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მეორე მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქმედებები საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის პირდაპირი ინდიკატორია.
„იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ასეთ, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი არ ერიდება, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს. ესეც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ“, — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
- 25 სექტემბერს ბაიდენი ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
- ინფორმაცია კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე თავდაპირველად „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.
- „ამერიკის ხმა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
- „ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და „აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე, მმართველი ძალის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.
- გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის დაწესებულ სანქციებზე. კობახიძის თქმით, „ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
- მიმდინარე წლის მაისში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენს, რომელიც საქართველოს სტუმრობდა, შეხვედრაზე უარი უთხრა.