ახალი ამბები

პრეზიდენტი: „ოცნებამ იცის, რომ ხმებით ვერ იგებს არჩევნებს“

23 სექტემბერი, 2024 •
პრეზიდენტი: „ოცნებამ იცის, რომ ხმებით ვერ იგებს არჩევნებს“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ იცის,  არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ხელისუფლების შესანარჩუნებლად კონფრონტაცია ესაჭიროება.

მისივე თქმით, მმართველი პარტია უკვე არათუ პრორუსული, უბრალოდ რუსულია. ზურაბიშვილმა ეს დღეს, 23 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში. ეს უნდა დავინახოთ… ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ “ოცნების” და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითიდღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე “პრო” აღარ არის, ეს არის რუსულობა. მათი მხრიდან იმ ყველაფრის დათმობა, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი [საარჩევნო] კამპანია არ არსებობს. ამ წლის დასაწყისიდან არაფერი არ გაკეთებულა, აქა-იქ ფულის დარიგების გარდა; არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ჰქვია წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვიღაცას მოეწონო, ვიღაცა მოიზიდო, მოხიბლო. არა, კამპანიაა ერთი და მხოლოდ ერთი: შიში, მუქარა, რევანშის დაპირება, ეს იქნება დაჭერები თუ სხვა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმითვე, მმართველი ძალა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სასიხარულო მოვლენებს – სპორტულ თუ სხვა წარმატებებს,– იყენებს დაპირისპირების გაღვივებისთვის.

„რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? ეს ნიშნავს, რომ თვითონ იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციით, ჯახით მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ გვეუბნებიან, რომ გარედან უნდათ რევოლუცია. ჩვენც გვინდა თურმე და თქვენც გინდათ. ეს არის თემა იმისათვის, რომ მიგვიყვანონ იქამდე, სადაც უკვე ძალის გამოყენებაა, – რომელსაც ვერ გამოიყენებენ, დარწმუნებული ვარ, – მათ მხედველობაში იქნება ლეგიტიმური და შეეძლებათ, რომ გამოიყენონ.

შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყველა მხრივ, რას შვრები, როცა ეს ქვეყანა [რუსეთის ფედერაცია] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერს. ეს მადა როცა არის გაღვივებული და შენ გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარაა, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა“, –თქვა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი