ახალი ამბები

„ვისი ბრალი იყო ჩაშლა… ალბათ, ყველასი და ამავე დროს, არავისი“ – პრეზიდენტი გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებებზე

23 სექტემბერი, 2024 •
„ვისი ბრალი იყო ჩაშლა… ალბათ, ყველასი და ამავე დროს, არავისი“ – პრეზიდენტი გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებებზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ, 23 სექტემბრის ბრიფინგზე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მოლაპარაკებების ჩაშლაზე ისაუბრა. მათი ძალების გაერთიანებაზე საუბრისას შუამავალი სწორედ პრეზიდენტი იყო.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ „მცდელობა იყო დროულიც და აუცილებელიც“, თუმცა მცდელობა გარანტირებულ წარმატებას არ ნიშნავს. „რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმითვე, „ჭორაობას“ არ აპირებს და არ დაასახელებს, ვისი ბრალი იყო წარუმატებლობა – „აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ, ვისი ბრალი იყო ჩაშლა. ალბათ, ყველასი და ამავე დროს, არავისი. უფრო იყო მოცემულობის ბრალი. იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს. და მომავალიც.

ორი მთავარი დამნაშავეა ამ ყველაფერში. ერთია პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არაა ჩამოყალიბებული. კომპრომისების ძებნის კულტურა… იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სისუსტედაა მიჩნეული, თუ დათმობ. ვინც დათმობს, ის, ესე იგი, უფრო სუსტია.

მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ გვჭამს ყველას – უნდობლობა, ეჭვი. რომელიც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით და ეს ყველას გვეხება, მეც მეხება“, – მიიჩნევს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის თქმითვე, „ამ პროცესმა მოიტანა თავისი შედეგი და ეს უნდა დავინახოთ – პოზიტივი. განწყობები შეიცვალა ამ პარტიებს შორის და ის, რაც გუშინ იყო ძალიან რთული, ნელ-ნელა მოლბა და სამომავლო აუცილებელი თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი