„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაერთიანებისთვის მზად იყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მიდიოდა, როდესაც გახარიას პარტიამ მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
„გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს, 14:00 საათზე გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად და ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. დაახლოებით 15:00 საათი იყო თუ 4 იყო დაწყებული, მე ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა. ჩვენ იმ პრინციპებზე, რომელიც გუშინ მოვილაპარაკეთ, მზად ვართ“, — განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მოლაპარაკებებში წარმოადგენდა არა მხოლოდ „ლელოს“, არამედ კოალიციაში შემავალი სხვა პარტნიორების პოზიციას.
„მე რახან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით“, — თქვა ხაზარაძემ.
„ლელოს“ კიდევ ერთმა წევრმა საბა ბუაძემ თქვა, რომ გახარიას პარტიის მიერ გამოქვეყნებული განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ძირითად პრინციპებზე მხარეები შეთანხმებული იყვნენ და პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ემზადებოდნენ.
მისივე თქმით, პარიტეტი ყოფილ „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის შეთანხმებულია, დამატებით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული„ლელოს“ ირგვლივ შემოკრებილი კოალიციის სხვა სუბიექტები (ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე, „თავისუფლების მოედანი“).
პარტიის „საქართველოსთვის“ ცნობით, „ლელოსთან“ გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოსა” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები პრეზიდენტის შუამავლობით მიმდინარეობდა. „ლელოს“ თქმით, გახარიასთნ შეხვედრა პრეზიდენტთან დღეს, 16:00 საათზე იყო დაგეგმილი. თუმცა მანამდე პარტია „საქართველოსთვის“ გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. გახარიას პარტია ამბობს, რომ შიდა კონსენსუსს მეორე მხარემ ვერ მიაღწია.