ახალი ამბები

ეს იქნება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური კოალიცია – ელისაშვილი გახარიასთან შესაძლო გაერთიანებაზე

18 სექტემბერი, 2024 •
ეს იქნება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური კოალიცია – ელისაშვილი გახარიასთან შესაძლო გაერთიანებაზე

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ უნდა გაერთიანდეს ყველა, ვისაც ერთმანეთის გაძლიერება შეუძლია. ასე გამოეხმაურა ის “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია – საქართველოსთვის” გაერთიანების შესახებ დისკუსიას.

ელისაშვილის “მოქალაქეები” ერთ-ერთია კოალიცია “ძლიერ საქართველოში” შემავალი ოთხი პოლიტიკური გაერთიანებიდან.

“ახლა არ ვართ ჩვეულებრივ წინასაარჩევნო გარემოში, ქვეყანა არის განსაცდელში, მტრებს უხდიან ბოდიშს, მტრულ სახელმწიფოში, რუსეთში მიგვაქანებენ და ოკუპანტს ეძახიან მეგობარს, კუდს უქიცინებენ და პირდაპირ აანონსებენ, რომ თუ ისინი დარჩებიან მეოთხე ვადით ხელისუფლებაში, ყველას დაიჭერენ. იმას კი არ გვპირდებიან, რომ ან სიმდიდრე გექნებათ, ან ქარხანას ავაშენებთო, როგორც ადრე გვატყუებდნენ. არა, ყველას დაგიჭერთო.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა რეალურ განსაცდელშია, ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ, დავეხმაროთ ერთმანეთს ამათ დამარცხებაში, ყველამ ჩვენი ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ და მარტო ქვეყნისა წამოვწიოთ წინ. ყველა მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადავდგათ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ის განმარტავს, რატომ შეიძლება იყოს ამომრჩევლისთვის მიმზიდველი ეს გაერთიანება.

“ეს იქნება რეალურად ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური კოალიცია. თუ შევძელით და საბოლოოდ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ეს იქნება ყველაზე დამანგრეველი, ბოლოსდაბოლოს, შევცვლით ქვეყანაში იმ რეალობას, რომ იყო ორი პოლუსი, ნაცები, ქოცები, 12 წელია ვისმენთ მათგან ერთმანეთის დამუნათებას. ამოვიდა ყელში, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც არც ერთი უნდათ, არც მეორე, გაუჩნდათ არჩევანი “ძლიერი საქართველოს” სახით და უფრო მეტად გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო ომახიანი იქნება ეს ჩვენი არჩევანი”, – ამბობს ელისაშვილი.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, შედგება თუ არა გაერთიანება, დღეს, 18 სექტემბერს გახდება ცნობილი.


“ძლიერი საქართველოსა” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებაზე საუბარი საჯაროდ მამუკა ხაზარაძემ დაიწყო. გუშინ, 17 სექტემბერს მან განაცხადა, რომ თუ გაერთიანება უფრო მომგებიანი იქნება, ამის წინააღმდეგი არ იქნება.

ხაზარაძეს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან გაერთიანების იდეას მხარი დაუჭირა და მხარეები მოსალაპარაკებლად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ჯერ ერთმანეთის შეხვდნენ, შემდეგ კი ორივე ერთად – პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამით არ დასრულებულა. თუმცა ისინი შეთანხმდნენ ,”გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რათა ოცნება ბიძინას მეთაურობით გავუშვათ ხელისუფლებიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი