საზოგადოება

პრეზიდენტი „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას ემხრობა

16 სექტემბერი, 2024 •
პრეზიდენტი „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას ემხრობა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მხარს უჭერს  „ძლიერი საქართველოს“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანებას.

ამის შესახებ მან დღეს, 16 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანება მესამე პოზიტიური ცენტრს შექმნისა და საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტს გააჩენს, მათ შორის, გადაუწყვეტელ ამომრჩეველში.

„საჭიროა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი, მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში. მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ მათ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებთ მათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მიესალმება მამუკა ხაზარაძის განცხადებას გაერთიანებაზე მსჯელობის შესახებ და განაცხადა, რომ ასეთივე მზაობა გახარიას მხრიდანაც არსებობს.

ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა ორივე პოლიტიკური ძალა საბოლოო კონსულტაციისთვის ხვალ ორბელიანების სასახლეში მიიწვია.

„მივესალმები მამუკა ხაზარაძის დღევანდელ საჯაროდ გამოთქმულ მზადყოფნას და, მეორე მხრივ, ასეთივე მზაობას გიორგი გახარიას მხრიდან, ვიცი, რომ არსებობს. საარჩევნო კალენდარი ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. ამიტომ ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს გამარჯვებამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს წინასაარჩევნოდ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებაზე მსჯელობას. მისი თქმით, ამას იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ერთიანი სია ელექტორალურად უფრო მომგებიანი იქნება.

“გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი კი არა მაქვს. ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხზე. ეს არ არის, რომ ვიჩხუბეთ და ა.შ. შესაბამისად, არავის არ ვერჩი მის თანაგუნდელებს – ნორმალური ადამიანები არიან და ძალიან ბევრ რამეში, თითქმის უმეტეს ნაწილში ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს – ისევე, როგორც გიორგი გახარიას. მე ამას ვუყურებ სხვანაირად: ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, ეს იქნება მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? სწორედ სინერგიისთვის გადავდგით ჩვენ ის ნაბიჯები, როცა ოთხი სხვადასხვა პარტია ამ ბლოკში გავერთიანდით“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი