ახალი ამბები

ხაზარაძე ხსნის, რა შემთხვევაში განიხილავს გახარიასთან გაერთიანებას

16 სექტემბერი, 2024 •
ხაზარაძე ხსნის, რა შემთხვევაში განიხილავს გახარიასთან გაერთიანებას

პარტია “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს წინასაარჩევნოდ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებაზე მსჯელობას. მისი თქმით, ამას იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ერთიანი სია ელექტორალურად უფრო მომგებიანი იქნება.

“გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი კი არა მაქვს. ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხზე. ეს არ არის, რომ ვიჩხუბეთ და ა.შ. შესაბამისად, არავის არ ვერჩი მის თანაგუნდელებს – ნორმალური ადამიანები არიან და ძალიან ბევრ რამეში, თითქმის უმეტეს ნაწილში ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს – ისევე, როგორც გიორგი გახარიას. მე ამას ვუყურებ სხვანაირად: ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, ეს იქნება მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? სწორედ სინერგიისთვის გადავდგით ჩვენ ის ნაბიჯები, როცა ოთხი სხვადასხვა პარტია ამ ბლოკში გავერთიანდით

[…] თუ ეს სინერგიის მომტანი არ იქნება და თუნდაც საუბარი დაანგრევს ვიღაცის მოლოდინს, რომელიც ჩვენ მიმართ აქვს, ან, შეიძლება იმათ მიმართ აქვს, მაშინ ამის გაკეთება არ ღირს […] ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაცა, რომ მომიტრიალდე და მითხრა, რომ უპრინციპო ადამიანი ხარ, გუშინ ჩხუბობდი და დღეს გაერთიანდი და ა.შ. პიროვნული თემა, ამ შემთხვევაში, ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი, როცა ქვეყნის ეგზისტენციალური საკითხი დგება”, – განაცხადა ხაზარაძემ “ფორმულას” ეთერში.

მისი თქმით, იმის განსასაზღვრად, იქნება თუ არა მომგებიანი გაერთიანება, საჭიროა კვლევები და კონსულტაციები.

ამ ეტაპზე “ლელო” “მოქალაქეებთან”,  პარტიასთან”ხალხისთვის” და “თავისუფლების მოედანთან” ერთად ქმნის კოალიციას “ძლიერი საქართველო”.

თავად გიორგი გახარიას, ისევე როგორც მის თანაგუნდელებსა არაერთხელ უთქვამთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი