ახალი ამბები

მთავრობა არ დაესწრება პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელების დაჯილდოებას ღია სივრცეში

13 სექტემბერი, 2024 •
მთავრობა არ დაესწრება პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელების დაჯილდოებას ღია სივრცეში

მთავრობა არ დაესწრება ორბელიანების სასახლის წინ, ღია სივრცეში ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოებას, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მოწვეული იყო ოლიმპიელების დასახვედრად მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, თუმცა „მან პატივი არ სცა ინსტიტუტს და არ მობრძანდა“.

„რატომ არ დაუსვით მას კითხვა, რატომ არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს. საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინსტიტუტი, ვინც აღასრულებს პოლიტიკას ამ ქვეყანაში“, — უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიება დააანონსა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ოლიმპიელებს დახვედრა მოუწყო.

„მოვიწვიეთ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე. მას უნდა, რომ კინკლაობაში შეგვიყვანოს. ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში. არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ისედაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რთველია, არჩევნებია, მილიონი საქმეა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო. გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინსტიტუტს და არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე, იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. ყველაფერს გარკვეული რეაქცია უნდა ჰქონდეს“, — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ სახალხო ზეიმი გაიმართება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც ორბელიანების სასახლესთან ღონისძიებას შეუერთდებიან, ექნებათ შესაძლებლობა, მიულოცონ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გამარჯვება.

ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც და საზოგადოების წინაშე ლელა წურწუმია და „ჩვენი ბენდი“ წარდგება.

პარალიმპიური თამაშების დასრულებამდე, 15 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ ოლიმპიურ მედალოსნებს დახურულ ღონისძიებაზე უმასპინძლა. დაჯილდოების ცერემონია ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) შედგა.

ღონისძიებას არ დაესწრო პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც არ სურდა მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა.

პირველ მიზეზად ზურაბიშვილი ასახელებდა იმას, რომ პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება (7 მედალი და 24-ე ადგილი მსოფლიოში, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაჩვენებელია) სახალხო დღესასწაულია. შესაბამისად, პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ ის უნდა აღინიშნოს ხალხის მონაწილეობით „და არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია”.

მაშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სახალხო ზეიმს თავად ჩაატარებს სექტემბერში.

მეორე მიზეზად პრეზიდენტმა პარალიმპიელები დაასახელა. მისი თქმით, როცა პარაოლიმპიადა ჯერ არც დაწყებულა, არ არის სწორი ძირითადი ოლიმპიადის პრიზიორების დაჯილდოება. ზურაბიშვილის თქმით, ეს დისკრიმინაციაა და სექტემბერში მის მიერ დაგეგმილ ზეიმზე ყველას ერთად ეპატიჟებოდა.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების დახვედრა, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ღია სივრცეში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. მას ათასობით ადამიანი დაესწრო. ზეიმისას მოხდა ინციდენტიც – როცა სცენაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ავიდა, შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი მას შეძახილებითა და სტვენით შეხვდა, სალომე ზურაბიშვილს კი – ტაშით.

პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს საჯარო ღონისძიებაზე დააჯილდოებს

მასალების გადაბეჭდვის წესი