პროექტი „ევროკავშირი კულტურისთვის“ – თითქმის ოთხი წლის წინ, 2021 წელს დაიწყო და ახლაც გრძელდება. პროექტის გაცხადებული მიზანი კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდაჭერაა, განსაკუთრებით კი, რეგიონებსა და პატარა ქალაქებში.
საქართველოს გარდა, პროექტი მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე, მოლდოვასა და უკრაინაშიც ტარდება. მისი ჯამური ბიუჯეტი თითქმის 8 მილიონი ევროა.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისში ამოქმედდა პროექტი – „იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“.
„მთავარი იდეა არის, ქუთაისში შეიქმნას ინკლუზიური ხელოვნების და სპექტაკლის დაძვრის პრეცედენტი.
ქუთაისში მცხოვრებ შშმ პირებთან, ძირითადად ბავშვებთან ერთად, ჩავატაროთ თანამედროვე ცეკვის ვორქშოფები, მივცეთ საშუალება, მეტად ჩაერთონ ამ პროცესში. საბოლოო ეტაპზე შევქმნით ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლს, პროფესიონალ მოცეკვავეებთან და შშმ ბავშვებთან ერთად“, – ამბობს მაკა ჩხაიძე, ინკლუზიური ხელოვნების სპეციალისტი.
ცეკვის გარდა, პროექტის ბენეფიციარები დაკავებული არიან ხატვით და ხელოვნების სხვა სფეროებითაც. პროექტს კი მთლიანად ევროკავშირი აფინანსებს.
„ვფიქრობ, საჭიროება არსებობს. ეს პროცესი მხოლოდ თბილისში, ცენტრალიზებული არ უნდა იყოს და ასევე უნდა დავძრათ რეგიონებში“, – აღნიშნავს მაკა ჩხაიძე.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო, აგენტის იარლიყის მატარებელი ხდებიან არა მარტო დამოუკიდებელი თუ ოპოზიციურ მედიასაშუალებები და სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ მსგავსი პროექტების ბენეფიციარებიც.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
მასალა მომზადებულია ევროკავშირის პროექტის ვებგვერდისა და გადაღებული ვიდეომასალის მიხედვით.