2020 წელს, როდესაც მსოფლიოს და საქართველოს კოვიდ-პანდემიასთან მოუწია ბრძოლა, შშმ პირების ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა – განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც შესაბამისი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი.
სწორედ ამ წელს, ევროკავშირმა საქართველოს ხუთ რეგიონში – აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში დააფინანსა მობილური ჯგუფები, რომელთა საქმიანობაც შშმ პირებისთვის დახმარების გაწევა იყო.
ჯამში, ხუთი ასეთი ჯგუფი შეიქმნა.
ჯგუფები შშმ პირებს სხვადასხვა რამეში ეხმარებოდნენ – მაგალითად, ქალაქში გადაადგილებაში. ბენეფიციარებს კი მათი გამოძახება ცხელი ხაზით შეეძლოთ. ჯგუფებს შშმ პირებისთვის სპეციალურად ადაპტირებული ტრანსპორტიც ჰყავდათ, ასევე შეეძლოთ სამედიცინო სერვისების შეთავაზება.
პროექტში ევროკავშირმა 60 000 ევრო დახარჯა.
„აქტიურად მიწევს ქუჩაში სიარული. ამ პერიოდში ქალაქში არის უამრავი ტრანსპორტი, არ არის ეტლით მოსიარულეთა ბილიკები. თითქმის ტრანსპორტთან ერთად მიწევს სიარული – ეს ძალიან სახიფათოა.
კოვიდის პერიოდში, როდესაც გარეთ გამოსვლაც შეუძლებელი იყო, ამ პერიოდში ნამდვილად მნიშვნელოვანი გახლდათ ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურება“, – ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი, თამარ ხაჭაპურიძე ქუთაისიდან, პროექტზე საუბრისას.
„პროგრამით რამდენიმეჯერ ვისარგებლე. ეს ჩემთვის აქტუალური იყო, ექიმთან აუცილებელი ვიზიტი მომიწია“, – აღნიშნავს თამარ ხაჭაპურიძე და ამატებს, რომ მისი დიდი სურვილია, ეს პროგრამა გაგრძელდეს – „შშმ პირებისთვის [ასე] გარემო მართლაც ხელმისაწვდომი გახდება“.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო, აგენტის იარლიყის მატარებელი ხდება არა მარტო დამოუკიდებელი თუ ოპოზიციურ მედიასაშუალებები, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ მსგავსი პროექტების ბენეფიციარებიც.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
მასალა მომზადებულია ევროკავშირის პროექტის ვებგვერდისა და გადაღებული ვიდეომასალის მიხედვით.