ლაშა ბაქრაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროს მიერ ლიტერატურის მუზეუმიდან გათავისუფლებას დიდი ხანია ელოდა და ამიტომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
როგორც ლაშა ბაქრაძე ნეტგაზეთთან ამბობს, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას მხოლოდ 3 სექტემბრის განცხადებას არ უკავშირებს. ლაშა ბაქრაძემ 3 სექტემბერს თქვა, რომ მმართველ პარტიას „ნახმარი სახეები“ ჰყავს.
ბაქრაძის თქმით, იმის გამო, რომ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყო ჩაბმული, სამინისტრო მისი გათავისუფლების მიზეზს დიდი ხანია ეძებდა.
„[გათავისუფლების] მოლოდინი მაქვს უკვე ძალიან დიდი ხანია, რადგან პოლიტიკურ პროცესებში ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი და, სამწუხაროდ, ეს ჩვენს ქვეყანაში დასჯადია ,თუ საჯარო სამსახურში ხარ. სანამ პოლიტიკაში წავიდოდი, მანამდეც ძალიან აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას მიტინგებსა და დემონსტრაციებში, სიტყვითაც გამოვსულვარ. დიდი ხანია ველი, რომ გამათავისუფლებენ, ამიტომ ეს ჩემთვის არ იყო ძალიან მოულოდნელი. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტროში ვიყავი დაბარებული ახსნა-განმარტებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული მიზეზი მივეცი ჩემი გაშვების“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
როგორც ლაშა ბაქრაძე ამბობს, დისციპლინარულ გადაცდომაზე კულტურის სამინისტროსგან აქამდე გაფრთხილება არ ჰქონდა მიღებული და პირველივე შემთხვევაზე გაათავისუფლეს.
ლაშა ბაქრაძის თქმით, ამ პირობებში კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას „დიდი აზრი არ აქვს“.
„უკვე რამდენიმე ადვოკატმა შემომთავაზა, რომ თუ დავაპირებ გასაჩივრებას, ისინი დამეხმარებიან. შევხვდები და ვისაუბრებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას დიდი შედეგი არ ექნება“,- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან 9 სექტემბერს გაათავისუფლა.
სამინისტროს განცხადებით, ჩაატარა დისციპლინური წარმოება ბაქრაძის განცხადებაზე, როდესაც მან მმართველი პარტიის წევრთა მისამართით ფორმულირება „ნახმარი სახეები“ გამოიყენა.
სამინისტროს განცხადებით, ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება „ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული“.
„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, — განაცხადა ბაქრაძემ, როდესაც ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.
მოგვიანებით ბაქრაძე ამბობდა, რომ მისი განცხადება სექსისტური არ ყოფილა, ხოლო საბოლოო ჯამში დაწერა, რომ „არასწორი სიტყვა გამოიყენა“ და ბოდიში მოიხადა, „თუ მისი ნათქვამი არასწორად აღიქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ უგულისხმია“.