ახალი ამბები

„არასწორი სიტყვა გამოვიყენე“ – ბაქრაძე „ნახმარ სახეებზე“ კომენტარისთვის ბოდიშს იხდის

4 სექტემბერი, 2024 •
„არასწორი სიტყვა გამოვიყენე“ – ბაქრაძე „ნახმარ სახეებზე“ კომენტარისთვის ბოდიშს იხდის

ლაშა ბაქრაძე ბოდიშს იხდის „ნახმარ სახეებზე“ გამონათქვამის გამო.

„თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღითქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია – ბოდიშს ვიხდი. არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი“, – წერს იგი.

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, — განაცხადა ლაშა ბაქრაძემ, როდესაც ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.

ლაშა ბაქრაძე ამბობდა, რომ მისი ნათქვამი არ მიემართებოდა კონკრეტულად ქალებს და არც სექსუალური კონოტაციის მატარებელი ყოფილა.

ლაშა ბაქრაძის სიტყვებს „ქართული ოცნების“ არაერთი სახე გამოეხმაურა.

„ლაშა ბაქრაძეს, ამ კაცს, ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გააკეთა მან გუშინ, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი ყველას მხრიდან. აქაც გამოჩნდება კონკრეტული ორგანიზაციების თუ სუბიექტების ობიექტურობა-არაობიექტურობა“, — თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლად“ და „ბოლშევიკების ტრადიციების გამგრძელებლად“ მოიხსენია ლაშა ბაქრაძე ნინო წილოსანმა და თავის მხრივ შეურაცხმყოფლად მოიხსენია ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ქალები, თინა ბოკუჩავა, თამარ კორძაია და სოფო ჯაფარიძე.

ლაშა ბაქრაძის გამონათქვამზე და გამოხმაურებებზე კომენტარი გააკეთა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა ანა თავხელიძემ.

„დისკუსიაც კი არ შეიძლება ლაშა ბაქრაძის უკიდურესად სექსისტურ ფრაზაზე, რაც ცხადი ინდიკატორია, როგორი „ხელისუფალი“ იქნება ის.

აღნიშვნას იმსახურებს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის გამოხმაურება, რომელმაც აქამდეც მილიონჯერ გაამართლა მისი თანაგუნდელი კაცების არანაკლები სექსისტური გამონათქვამები ოპოზიციონერი ქალების მიმართ, მაგრამ ახლა ბაქრაძის ნათქვამ ფრაზას დაუპირისპირა ოპოზიციონერი ქალების ლანძღვა. ამის ფასი მართლა არაფერი დაგვიშავებია“, — წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი