ახალი ამბები

ლაშა ბაქრაძე ირწმუნება, რომ მისი განცხადება სექსისტური არ ყოფილა

4 სექტემბერი, 2024 •
ლაშა ბაქრაძე ირწმუნება, რომ მისი განცხადება სექსისტური არ ყოფილა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბაქრაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მას ოპოზიციისა და მმართველი ძალის ქალები არ დაუპირისპირებია ერთმანეთთან, არანაირი სექსუალური კონოტაციით არ მიუყენებია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ქალებისთვის შეურაცხყოფა და კონკრეტულად ქალები საერთოდ არც უგულისხმია.

„შეუძლებელია, რომ ჩემს სიტყვებს ასეთი ინტერპრეტაცია მიეცეს. უბრალოდ ჩამოვთვალე, რომ ჩვენ მხარეს ასეთი საინტერესო ქალები გვყავს და მეორე მხარეს, საერთოდ და ზოგადად, არიან უინტერესო, უღიმღამო, მოსაწყენი და მობეზრებული ადამიანები. ამისთვის გამოვიყენე ეს სიტყვა „ნახმარი“, რაშიც არანაირი სექსუალური კონოტაცია არ ჩამიდია და არც ქალები მიგულისხმია. შეუძლებელია, თუ კარგად მოისმინა ადამიანმა, რომ ასეთი ინტერპრეტაცია მისცეს, რომ თითქოს ქალები დავუპირისპირე ერთმანეთს. არასდროს, ჩემს ცხოვრებაში, ასეთი რამე არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ. მაგრამ ასეა, „თარგმანი“ რომ გავაკეთო, ერთ მხარეს არიან საინტერესო ქალები და მეორე მხარეს უინტერესო ადამიანები, რომელთა ყურება ხალხს მოსწყინდა“, — თქვა ნეტგაზეთთან ლაშა ბაქრაძემ.

ლაშა ბაქრაძემ ეს განმარტება გააკეთა 3 სექტემბრის განცხადების შესახებ, სადაც მან აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას „ნახმარი სახეები“ ჰყავს.

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, — განაცხადა ბაქრაძემ, როდესაც ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.

ლაშა ბაქრაძის სიტყვებს „ქართული ოცნების“ არაერთი სახე გამოეხმაურა.

„ლაშა ბაქრაძეს, ამ კაცს, ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გააკეთა მან გუშინ, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი ყველას მხრიდან. აქაც გამოჩნდება კონკრეტული ორგანიზაციების თუ სუბიექტების ობიექტურობა-არაობიექტურობა“, — თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლად“ და „ბოლშევიკების ტრადიციების გამგრძელებლად“ მოიხსენია ლაშა ბაქრაძე ნინო წილოსანმა და თავის მხრივ შეურაცხმყოფლად მოიხსენია ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ქალები, თინა ბოკუჩავა, თამარ კორძაია და სოფო ჯაფარიძე.

ლაშა ბაქრაძის გამონათქვამზე და გამოხმაურებებზე კომენტარი გააკეთა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა ანა თავხელიძემ.

„დისკუსიაც კი არ შეიძლება ლაშა ბაქრაძის უკიდურესად სექსისტურ ფრაზაზე, რაც ცხადი ინდიკატორია, როგორი „ხელისუფალი“ იქნება ის. აღნიშვნას იმსახურებს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის გამოხმაურება, რომელმაც აქამდეც მილიონჯერ გაამართლა მისი თანაგუნდელი კაცების არანაკლები სექსისტური გამონათქვამები ოპოზიციონერი ქალების მიმართ, მაგრამ ახლა ბაქრაძის ნათქვამ ფრაზას დაუპირისპირა ოპოზიციონერი ქალების ლანძღვა. ამის ფასი მართლა არაფერი დაგვიშავებია“, — წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.

კომენტარი გაავრცელა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც საზოგადოებამ ლაშა ბაქრაძისგან მოისმინა.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და  არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება“, — განაცხადა სახალხო დამცველმა.


განახლება: სტატიის თავდაპირველ ვერსიას დაემატა რამდენიმე კომენტარი და შეეცვალა სათაური

ამავე თემაზე

„აბსოლუტურად მიუღებელია“ — იოსელიანი „ნახმარ სახეებზე“ კომენტარს გამოეხმაურა

მასალების გადაბეჭდვის წესი