ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Amnesty International აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვს

4 სექტემბერი, 2024 •
Amnesty International აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვს

პირველ სექტემბერს აზერბაიჯანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, Amnesty International-მა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კამპანიის დროს ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნაზე და მოითხოვა ბახრუზ სამედოვისა და სხვა ხელისუფლების კრიტიკოსების გათავისუფლება.

“ხელისუფლების კრიტიკოსების საგანგაშო ახალი დაპატიმრებები არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი. საერთაშორისო საზოგადოებამ ეს მკაცრად უნდა დაგმოს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ორი ცნობილი ფიგურა დააკავეს ცრუ ბრალდებებით, ხოლო სხვები დაექვემდებარნენ მუქარასა და შევიწროებას,” – განაცხადა Amnesty International-ის მკვლევარმა სამხრეთ კავკასიაში ნატალია ნოზაძემ.

მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნა სხვა არაფერია, თუ არა “განსხვავებული აზრის აღკვეთისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა, განსაკუთრებით მათი, ვინც სომხეთთან მშვიდობის მომხრეა”.

“რადგან აზერბაიჯანი ემზადება “COP29-ის” მასპინძლობისთვის ამ წლის ნოემბერში, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ლიდერებმა მთავრობას პასუხისმგებლობა დააკისრონ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ  ყველა ის პირი, ვინც დააკავეს მხოლოდ იმისთვის, რომ მათ განახორციელეს საკუთარი უფლებები. აზერბაიჯანმა ასევე დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს ახლახან ხელმოწერილი “COP29″ მასპინძელი ქვეყნის შეთანხმება,”- განაცხადა Amnesty International-ის წარმომადგენელმა.


ბახრუზ სამედოვი, OC media-ს ავტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს სახელმწიფო ღალატის საქმეზე, რომელიც “სომხებთან მიმოწერას” უკავშირდება. ამის შესახებ სამედოვის ოჯახმა კავკაზსკი უზელს განუცხადა.

ბახრუზ სამედოვის ბებიის, ზიბეიდი ოსმანოვას თქმით, მისი შვილიშვილი 21 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს, როდესაც მეგობრებთან ერთად პლაჟზე წავიდა.

“მისი გასვლიდან ნახევარ საათში ჩვენს სახლში 4-5 კაცი მოვიდა, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებად გამეცნენ. მათ თქვეს, რომ ბახრუზზე საჩივარია შემოსული, რომ ნარკოტიკითაა დაკავებული. სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, წაიღეს მისი კომპიუტერი, პასპორტი, საზღვარგარეთ დამთავრებული ორი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი და ინგლისურენოვანი წიგნი მისი სტატიით. არანაირი ნარკოტიკი არ უპოვიათ”, – განუცხადა გამოცემას სამედოვის ბებიამ.

მისივე თქმით, მოგვიანებით მას დაურეკა მისთვის უცნობმა ადვოკატმა და უთხრა, რომ ბახრუზი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში, ვინაიდან აღმოჩენილია მისი “მიმოწერა სომხებთან”, რომელთა შეკვეთითაც წერდა და თარგმნიდა სტატიებს.

ბებიის განმარტებითვე, ბახრუზ სამედოვი მომავალი პოლიტოლოგია, რომელიც კვლევების ფარგლებში, მათ შორის, სწავლობდა სომხეთსა და აზერბიაჯანის კონფლიქტს და ორივე მხარის პოზიციებს ახმიანებდა. ის ჩეხეთის კარლოვის უნივერსიტეტში დოქტორანტურის სტუდენტია და 29 დღით საზაფხულო არდადაგების გასატარებლად ჩავიდა აზერბაიჯანში. უკან დაბრუნებას კი დღეს დილით გეგმავდა.

“ბახრუზს ჩემ გარდა არავინ ჰყავს. მისი ორივე მშობელი დაღუპულია”.

სადიგოვის ნაცნობები ვარაუდობენ, რომ მისი დაკავება საერთაშორისო მედიებში ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკულ სტატიებს უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი